ევროკავშირის ქვეყნები უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ. ყველა წევრი სახელმწიფო დათანხმდა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი ეტაპის დაწყებას“, - წერს ის.

ფონ დერ ლაიენის თქმით, გაწევრიანების პროცესის საფუძვლებზე პირველი კლასტერი პირველ სამთავრობათაშორისო კონფერენციაზე გაიხსნება, რომელიც ორშაბათს, 15 ივნისს გაიმართება. ის მოიცავს ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია აგებული, კანონის უზენაესობიდან დაწყებული ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებით დამთავრებული.

„ეს არის აღიარება იმ მონდომების, გამბედაობისა და შრომისმოყვარეობისა, რომელიც ორივე ქვეყანამ გამოიჩინა რეფორმების წინსვლისას უზარმაზარი გამოწვევების მიუხედავად. და ეს არის სიგნალი იმისა, რომ ევროკავშირის მიერ მშვიდობის, სტაბილურობისა და შესაძლებლობების შეთავაზება შეუდარებელია. გაფართოება სტრატეგიული არჩევანია“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ ასევე დაადასტურა "მწვანე შუქი" უკრაინასა და მოლდოვას შორის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისთვის.

თავის მხრივ,  ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს ორი ქვეყნის ძალისხმევას და მათ ერთგულებას ევროპული ღირებულებების მიმართ, რუსეთის აგრესიის, მუქარისა და დაშინების მიუხედავად.