პეტერ მადიარის მომავალი მთავრობა უკრაინასთან მეგობრული ურთიერთობების დამყარებას გეგმავს. ეს მისი ერთ-ერთი მთავარი ინტერესია, - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პარტია "ტისას" ლიდერმა პეტერ მადიარმა განაცხადა.

"ტისას" მთავრობა ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოკავშირე და თუ შესაძლებელია, მეგობრული ურთიერთობების დამყარებას შეეცდება“, - განაცხადა მან უკრაინის მიმართ "ტისას" მთავრობის პოლიტიკის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას.

მისივე თქმით, მეზობელ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობები უნგრეთის ერთ-ერთი მთავარი ინტერესია.

მადიარმა ასევე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესაძლო შეხვედრის შესახებ დასმულ კითხვას.

"ჩვენ აუცილებლად შევხვდებით, თუ სხვაგან არა, მაშინ ევროპის საბჭოში“, - განაცხადა "ტისას" ლიდერმა.

როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია "ფიდესი" უკრაინასთან არსებულ უთანხმოებას პარტიულ-პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებდა.

"უნგრეთში ყველამ იცის, რომ უკრაინა ამ ომში მსხვერპლია“, - განაცხადა მადიარმა და განმარტა, რომ არავის აქვს უფლება, უკრაინელების მაგივრად გადაწყვიტოს, თუ რა პირობებით უნდა დადოს კიევმა რუსეთთან მშვიდობა.