რუსეთის ფედერაციამ დაიწყო ჯარების შეკრება სუმის ოლქის საზღვართან. რუსები ასევე ამზადებენ შეტევას რამდენიმე მიმართულებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები აგრძელებენ მისიის შესრულებას კურსკის ოლქში და იქ დარჩებიან მანამ, სანამ საჭირო იქნება.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის არმიის სტრატეგიული ნაბიჯები მიზნად ისახავს რუსული ჯარების წინსვლის აღკვეთას.

"უკრაინელი სამხედროები იქ არიან და იქნებიან მანამ, სანამ ეს ოპერაცია დაგვჭირდება. ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინი საუბრობს ჩვენი სამხედრო პერსონალის თითქოსდა ალყაზე, მაგრამ ჩვენი ბიჭები დგანან და ამტკიცებენ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის ჩვენი სტრატეგიული ნაბიჯები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ მისი ახალი ტერიტორიების მიტაცების მცდელობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე გაამახვილა ყურადღება უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების შეკრებაზე და სავარაუდო ახალ თავდასხმებზე სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე. მისი თქმით, უკრაინა მტერს არ მისცემს საშუალებას, ადვილად განახორციელოს თავისი გეგმები.

"ჩვენ ვხედავთ ჯარების შეკრებას კურსკის ოლქში. მათ სურთ შეტევა სუმზე, ხარკოვზე, ზაპოროჟიეზე - ეს არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, მაგრამ ჩვენ არ მივცემთ მათ ამის საშუალებას ასე მარტივად", - აღნიშნა მან.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და აღნიშნა, რომ საჭიროა კონკრეტული დეტალები აშშ-დან და მათი როლი ამ პროცესში.

"თუ პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია დეტალების გათვალისწინება და უზრუნველყოს ენერგეტიკული დარტყმებისა და შავი ზღვის დარტყმების შეწყვეტა, ეს იქნება პირველი ნაბიჯი. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ მხარს დავუჭერთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შემცირებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.