ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან ომში ჩიხში შევიდა, რაც აგრესორ ქვეყანას სულ უფრო მეტ ზიანს აყენებს, - ეს განცხადება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა რამშტაინის შეხვედრის გახსნისას გააკეთა.

"პუტინი ჩიხში შევიდა. უკრაინაზე თავდასხმით უზარმაზარი ზიანი და დანაკარგები მიაყენა საკუთარ არმიას. კრემლი ხედავს მათთვის ნეგატიურ შედეგებს. უკრაინა სულ უფრო მეტად ზიანს აყენებს რუსეთს“, - განაცხადა პისტორიუსმა.

მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს, თუმცა პუტინი ესკალაციას ირჩევს.

"ის (პუტინი) და ეს ესკალაცია პირდაპირ მიმართულია უკრაინელი ხალხისა და აღმოსავლეთში ჩვენი ნატოელი პარტნიორების წინააღმდეგ. პუტინს არ სურს ბრძოლის ველზე განცდილ დამარცხებებზე ფიქრი და დანაკარგების მიუხედავად, მას ომის გაგრძელება სურს“, - განაცხადა გერმანელმა მინისტრმა.

მისივე თქმით, კიევის მხარდაჭერა გაგრძელდება, ეს ერთადერთი გზაა, რომლითაც უკრაინას შეუძლია გააფართოოს თავისი წარმატება ბრძოლის ველზე.