მეორე სამშვიდობო სამიტზე რუსეთის წარმომადგენლების ყოფნა იქნება იმის ნიშანი, რომ აგრესორი ქვეყანა მზადაა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტის შედეგებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდეც დაბლოკა არაერთი ინიციატივა.

"თითქმის 200 მინსკის შეხვედრა იყო, სადაც არც ერთი საკითხი არ გადაწყვეტილა. რუსეთმა დაბლოკა ყველაფერი. რატომ? იმიტომ, რომ ომის დასრულება არ იყო მოგებიანი. ამიტომ, სწორი პროცესია არჩეული - სამშვიდობო სამიტი, შემდეგ კი დეტალური გეგმის შემუშავება, რომელიც რუსეთს გადაეცემა და და შემდეგ ვნახავთ მზად არიან თუ არა ომის დასასრულებლად“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთის ყოფნა მეორე სამშვიდობო სამიტზე იქნება იმის ნიშანი, რომ აგრესორი ქვეყანა მზად არის ომის დასასრულებლად.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინას სურს ომის დასრულება.

"რაც შეეხება მოლაპარაკებებს, რუსეთს შეუძლია ჩვენთან მოლაპარაკებები დაიწყოს ხვალაც კი, არაფრის მოლოდინის გარეშე, თუ ისინი დატოვებენ ჩვენს ტერიტორიებს, ეს არის გაეროს წესდების პატივისცემა", - განაცხადა ზელენსკიმ.