ზოგიერთმა ევროპელმა მოკავშირემ განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმება როგორც კი მიიღწევა, უკრაინაში ჯარებს განალაგებენ, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმების მიღწევის შემდეგ ხმელეთზე – ჯარები, ჰაერში – თვითმფრინავები, შავ ზღვაში კი გემები გამოჩნდებიან.

"შეერთებული შტატები დამცავი ბარიერი იქნება, სხვებმა კი პირობა დადეს, რომ სხვა გზებით დაუჭერენ მხარს. უსაფრთხოების გარანტიები მყარია და ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ამ საშინელი ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევა რთულ არჩევანს მოითხოვს.

უკრაინამ დარწმუნებით უნდა იცოდეს, რომ რა მსხვერპლიც არ უნდა გასწიოს, რა სიცოცხლესაც არ უნდა კარგავდეს, რა განადგურებასაც არ უნდა იტანდეს – გამეორების რისკი არ იქნება. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ეს მშვიდობა ხანგრძლივი იქნება. არა იმიტომ, რომ დოკუმენტები ხელმოწერილია, არამედ იმიტომ, რომ არსებობს ძლიერი ძალა, რომელიც ამას მხარს დაუჭერს“, – განაცხადა მარკ რუტემ სიტყვით გამოსვლისას.