უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დაზვერვას აქვს ინფორმაცია რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ სექტორსა და ინფრასტრუქტურაზე ახალი დარტყმების მომზადების შესახებ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მან მოისმინა მთავარი დაზვერვის დირექტორატის უფროსის ოლეგ ივაშჩენკოს ანგარიში, რომელიც რუსეთის არმიის კონკრეტულ ამოცანებს ეხებოდა.

ზელენსკის თქმით, დაზვერვა არ აფიქსირებს რუსეთის მზადყოფნას, დაიცვას რაიმე შეთანხმება ან დაასრულოს ომი.

"თუმცა, საკმარისი ინფორმაცია არსებობს ჩვენს ენერგეტიკულ სექტორსა და ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ჩვენი ატომური ელექტროსადგურების მომსახურე ობიექტებსა და ქსელებზე რუსეთის შემდგომი დარტყმების მომზადების შესახებ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მკაცრი ზამთრის პირობებში ენერგეტიკის სექტორზე რუსეთის მიერ განხორციელებული თითოეული ასეთი დარტყმა ასუსტებს და აუფასურებს ომის დასრულებისკენ მიმართული ძირითადი ქვეყნების, განსაკუთრებით კი შეერთებული შტატების, მცდელობებს.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა ინფორმაციას გაუზიარებს ქვეყნებს, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთზე გავლენის მოხდენა.

"უკრაინა დიპლომატიაში უკიდურესად კონსტრუქციულია, რუსეთი კი მხოლოდ თავდასხმებსა და ადამიანების დაშინებაზეა ორიენტირებული. ჩვენმა პარტნიორებმა აქედან შესაბამისი დასკვნები უნდა გამოიტანონ. ჩვენ არსებულ ინფორმაციას მსოფლიოში მათ გადავცემთ, ვისი გავლენაც მნიშვნელოვანია და ვისაც შეუძლია დახმარება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.