უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამედიცინო ძალების მეთაური შეცვალა.

"დღეს არის მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილება. თავდაცვის მინისტრის რეკომენდაციით შევცვალე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამედიცინო ძალების მეთაური", - განაცხადა მან.

ზელენსკის თქმით, სამედიცინო სამსახურის გენერალ-მაიორის ტატიანა ოსტაშჩენკოს ნაცვლად, ახალ მეთაურად სამედიცინო სამსახურის გენერალ-მაიორი ანატოლი კაზმირჩუკი დაინიშნა.

მას ქალაქ კიევის ეროვნული სამხედრო სამედიცინო კლინიკური ცენტრის "მთავარი სამხედრო კლინიკური ჰოსპიტლის" ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.

"ამოცანა აშკარაა - და ეს არაერთხელ ითქვა საზოგადოებაში, განსაკუთრებით ჩვენი საბრძოლო მედიკოსების საზოგადოებაში - ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტურად ახალი დონის სამედიცინო დახმარება ჩვენი ჯარისკაცებისთვის", - აღნიშნა ზელენსკიმ.