ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოცხადებას გეგმავს. ეს უახლოეს დღეებში მოხდება, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის არ დაუკონკრეტებია როდის გამოცხადდება უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი და რა სახის იარაღს მიიღებენ უკრაინელი დამცველები.

აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა უფრო ხშირად დაიწყო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტების გამოცხადება.

ეს გააქტიურება განპირობებულია იმით, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, გამოიყენოს ყველა ის თანხა, რომელიც ამ თარიღამდე უკრაინის დასახმარებლად იყო გამოყოფილი.

30 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუგზავნა.