რუსეთი თითქმის ყოველ ღამე უტევს უკრაინას სხვადასხვა ტიპის იარაღით. მხოლოდ ერთ კვირაში დაფიქსირდა ათასზე მეტი კამიკაძე დრონი, ასობით საჰაერო ბომბი და ათობით რაკეტა, რომელთა სამიზნეც მტერი საცხოვრებელი შენობები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"თითქმის ყოველ ღამე რუსეთი ჩვენს მოსახლეობას სხვადასხვა სახის იარაღით ბომბავს. გუშინდელი ღამიდან მოყოლებული, დნიპროზე, ზაპოროჟიეზე, ხარკოვზე, ჩერნიგოვისა და ოდესის დასახლებებზე დარტყმები ხორციელდება. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ამ თავდასხმების დროს საყვარელი ადამიანები დაკარგა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუსებმა მხოლოდ ამ კვირაში უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმისთვის თითქმის 1500 თავდასხმის დრონი, 1170 მართვადი საჰაერო ბომბი და 70-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენეს. დაფიქსირებულია ჩვეულებრივ საცხოვრებელ შენობებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები, ასევე ენერგეტიკის სექტორზე მრავალი ტერორისტული თავდასხმა.

"მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს, ვინც დახმარება გაგვიწია ამ დარტყმების შემდეგ: ჩვენს მაშველებს, რომლებიც ყოველთვის ადგილზე არიან, ენერგეტიკოსებს, სამედიცინო მუშაკებს და ყველა საგანგებო სამსახურს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, მოსკოვს უპირველეს ყოვლისა ხალხისთვის ზიანის მიყენება სურს.

"სწორედ ამიტომ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ზამთარში ჩვენი ენერგეტიკული სექტორისთვის საიმედო მხარდაჭერა უზრუნველვყოთ. ჩვენ უკვე მივაღწიეთ კონკრეტულ შეთანხმებებს ჩვენს პარტნიორებთან. შეერთებული შტატები, ნორვეგია, გერმანია, ნიდერლანდები, კანადა, გაერთიანებული სამეფო, იტალია, იაპონია, ლიეტუვა, დანია, შვედეთი, ესტონეთი, ესპანეთი და ევროკომისია უკვე გვიჭერენ მხარს ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში შენატანებით ან საჭირო აღჭურვილობით. მადლობა ყველას, ვინც უკრაინას უჭერს მხარს!“ - განაცხადა ზელენსკიმ.