პოლონეთი აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, თუმცა მოუწოდებს კიევს, გამოიჩინოს კეთილი ნება ორმხრივ ურთიერთობებში დაძაბულობის შესამცირებლად, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.

ტუსკი აცხადებს, რომ ვარშავა არ შეცვლის თავის პოზიციას უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობასთან დაკავშირებით მომავალ მოლაპარაკებებში. ამავდროულად, მან პოლონეთის ოფიციალურ პირებს მოუწოდა, სიფრთხილე გამოიჩინონ შემდგომი ფინანსური დახმარების შესახებ განცხადებების გაკეთებისას.

"უკრაინა ომშია, მაგრამ ჩვენი საზღვრის დაცვის ძირითადი ტვირთი პოლონეთს ეკისრება. ამავდროულად, ის ასევე იცავს ევროპის საზღვარს აღმოსავლეთიდან მომავალი საფრთხეებისგან და ამიტომ მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს", - განაცხადა ტუსკმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელ პოლიტიკოსებს შორის უკვე ხედავს "გაცნობიერების სიგნალებს“ ესკალაციით გამოწვეული ზიანის შესახებ, "რაზეც პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ“.

"ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები, რათა წარსულზე გულწრფელი საუბარი გვქონდეს და არ გავზარდოთ დაძაბულობა“, - აღნიშნა ტუსკმა.

მისივე თქმით, პოლონეთ-უკრაინის კარგი ურთიერთობები ორმხრივ ინტერესებში შედის, თუმცა ამისთვის ორმხრივი კეთილი ნებაა საჭირო.

"ვარშავა აღარ შეიძლება იყოს ერთადერთი, რომელიც მუდმივად კეთილ ნებას ავლენს. ვისურვებდი, რომ ამ მკაცრ პოზიციას ზიზღი ან მტრობა არ ახლდეს თან, რადგან ეს არანაირ მნიშვნელოვან შედეგამდე არ მიგვიყვანს", - განაცხადა ტუსკმა.