უკრაინამ რუსეთს აღდგომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივება შესთავაზა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და იმოქმედებს მხოლოდ სარკისებურად - რუსული დარტყმების არარსებობა ჰაერში, ხმელეთზე და ზღვაში ნიშნავს, რომ უკრაინის მხრიდან არანაირი საპასუხო რეაქცია არ იქნება.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის არმია მზადაა ფრონტზე მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის.

"უკრაინამ არაერთხელ შესთავაზა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა ფორმატი და ჩვენ გვჯერა, რომ აღდგომა მშვიდობისა და უსაფრთხოების დრო უნდა იყოს. აღდგომის ცეცხლის შეწყვეტამ ასევე შეიძლება მშვიდობისკენ რეალური მოძრაობის დასაწყისი გამოიწვიოს - ჩვენ შესაბამისი წინადადება წარვადგინეთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან ალექსანდრ სირსკისთან ერთად განიხილა უკრაინული დანაყოფების მოქმედებები ცეცხლის შეწყვეტის დროს.

"ჩვენი ქმედებების სარკისებური ხასიათისა და აღდგომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო გაგრძელების შესახებ ინფორმაცია რუსულ მხარესაც გადაეცა“, - განაცხადა ზელენსკიმ.