უკრაინელმა დამცველებმა რუსი ოკუპანტებისგან ნოვოეკონომიჩესკოეს გათავისუფლება შეძლეს. ის პოკროვსკის მახლობლად მდებარეობს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

"თითოეული ქუჩის თანდათანობით, ეტაპობრივად გავლას ორი კვირა დასჭირდა, თავდასხმის ჯგუფები ღამით შედიოდნენ დასახლებაში და კოორდინირებულ თავდასხმას ახორციელებდნენ. 31 აგვისტოს ჩვენი დროშა დასახლების ცენტრში აღიმართა", - აცხადებენ გენშტაბში.

31 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსმა ოკუპანტებმა სოფელში მშვიდობიანი მოქალაქე დახვრიტეს. ეს სავარაუდოდ, 28 აგვისტოს მოხდა.

ნოვოეკონომიჩესკოე ურბანული ტიპის დასახლებაა დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონში, მდებარეობს დროებით ოკუპირებული დონეცკიდან დაახლოებით 50 კმ-ში და პოკროვსკის რკინიგზის სადგურიდან 12 კმ-ში.

24 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა დამცველებმა დონბასში "ძალიან, ძალიან დადებით შედეგებს" მიაღწიეს. მისი თქმით, რუსებს კარგი "სიურპრიზები" ელით.