რაც უფრო საიმედოა უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერა, მით უფრო სწრაფად შეიძლება დასრულდეს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი. პარადოქსი კი ისაა, რომ მისი დასრულების ალბათობა პირდაპირ დამოკიდებულია კიევისთვის მიწოდებული იარაღის მოცულობაზე, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გადადგომამდე გამოსამშვიდობებელ გამოსვლაში განაცხადა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ სამხედრო ძალა დიალოგის აუცილებელი პირობაა, რამდენადაც ის მუშაობს მხოლოდ მაშინ, როდესაც გამყარებულია ძლიერი თავდაცვით.

გენერალური მდივნის თქმით, უკრაინაში ომის დასრულების ყველაზე სწრაფი გზა მისი წაგებაა, მაგრამ ამ შემთხვევაში იქნება არა მშვიდობა, არამედ ოკუპაცია. თავის მხრივ, პუტინი მიიჩნევს, რომ ომში თავის მიზნებს მიაღწევს და დასავლეთს "დაელოდება", ამიტომაც აგრძელებს ომს.

"მე არ მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ პუტინის აზრი. მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მისი გათვლები. უკრაინისთვის მეტი იარაღის მიცემით, ჩვენ შეგვიძლია გავაგებინოთ პუტინს, რომ ის ძალით ვერ მიიღებს იმას, რაც სურს... პარადოქსი ის არის, რომ რაც უფრო მეტი იარაღი შეგვიძლია მივაწოდოთ უკრაინას, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ მივაღწიოთ მშვიდობას და დავასრულოთ ომი“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, რაც უფრო საიმედო იქნება ნატოს გრძელვადიანი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, მით უფრო სწრაფად შეიძლება დასრულდეს ომი.

ამასთან, როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უნდა იყოს მხარდაჭერილი უკრაინის ძლიერი სამხედრო მხარდაჭერით და უსაფრთხოების ძლიერი გარანტიებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხანგრძლივი მშვიდობა.

"სტაბილური უკრაინის გარეშე ევროპაში მდგრადი უსაფრთხოება ვერ იქნება. ნატოში გაწევრიანების გარეშე კი უკრაინას არ ექნება მუდმივი უსაფრთხოება. ნატოს კარი ღიაა. უკრაინა შეუერთდება ალიანსს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.