უკრაინულმა დრონებმა მოსკოვში ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. დარტყმამ ქარხანაში ხანძარი გამოიწვია.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა დაადასტურა ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმები და განაცხადა, რომ რუსეთის დედაქალაქის თავზე 33 დრონი ჩამოაგდეს.

"საჰაერო თავდაცვის ძალები აგრძელებენ მასშტაბური თავდასხმის მოგერიებას. რამდენიმე დრონმა მოახერხა მოსკოვის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნამდე მიღწევა. მიიღება ზომები შედეგების აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა სობიანინმა.

აღსანიშნავია, რომ კაპოტნიას ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა კრემლიდან სულ რაღაც 15 კილომეტრში მდებარეობს და კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოსკოველების საწვავით მომარაგებისთვის. კერძოდ, ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა მოსკოვის რეგიონის ბენზინის მოთხოვნილებების დაახლოებით 40%-ს და დიზელის საწვავის 50%-ს აკმაყოფილებს, ასევე სამხედრო მიზნებისთვის საავიაციო საწვავს ამარაგებს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, გუშინ ღამით, უკრაინულმა შორი მოქმედების საშუალებებმა მოსკოვის ოლქს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მეორედ მიაღწია. ასევე, როსტოვის ოლქსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამიზნეები დაბომბეს.

"ეს არის აბსოლუტურად სამართლიანი პასუხი ჩვენს ქალაქებზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე. დროა, ეს ომი დასრულდეს და რუსეთმა აუცილებელი დიპლომატიური ნაბიჯები უნდა გადადგა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

16 ივნისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინული დრონები ღამით თავს დაესხნენ მოსკოვის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას. ცოტა ხნის შემდეგ, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ქარხნის მუშაობა შეჩერდა.

იმავე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა მოსკოვში ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა და აღნიშნა, რომ ეს იყო "სამართლიანი პასუხი რუსეთის დარტყმებზე“.