უსაფრთხოების სამსახურმა კიევში ბელორუსი ჯაშუში დააკავა, რომელიც კგბ-სთვის მუშაობდა და დაზვერვის მონაცემების შეგროვებისა და აგენტების დაქირავების მიზნით უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო დირექტორატში შეღწევას ცდილობდა, - ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, 35 წლის ინა კარდაში ჟურნალისტის საფარქვეშ მოქმედებდა და პროფესიული კონტაქტების გამოყენებას უკრაინელ პოლიტიკოსებს, სამხედრო მოსამსახურეებსა და უცხოელ დიპლომატებს შორის კავშირების გასაფართოებლად ცდილობდა.

გამომძიებლების თქმით, კარდაში კგბ-სთვის ჟურნალისტის საფარქვეშ 2015 წლიდან მუშაობდა. სინამდვილეში, ის ცდილობდა მთავარ სადაზვერვო დირექტორატში (GUR) შეღწევას და უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლ ბელორუსებს და რუსებზე, ასევე კიევში მყოფ ჩინელ დიპლომატებზე ინფორმაციის შეგროვებას.

მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ, უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუში მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს დააკავა. ჩამოართვეს სმარტფონი და ხმის ჩამწერი, რომელზეც მან საიდუმლო ინფორმაცია ჩაწერა. მას ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წაუყენეს.

თუ ინა კარდაშს სასამართლო დამნაშავედ ცნობს, მას თავისუფლების 15 წლამდე აღკვეთა და ქონების კონფისკაცია ემუქრება.

სპეციალური ოპერაცია უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის პროცედურული ხელმძღვანელობით ჩატარდა.