პარტია "გახარია საქართველოსთვის" მოლდოვას პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებას ეხმაურება.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით.

ცხადია, ვადასტურებთ პრეზიდენტ სანდუს მიმართ პატივისცემას, თუმცა: საქართველო დღეს იმართება რეჟიმის მიერ, რომლის მიზანმიმართულად მავნებლური და არაკომპეტენტური საგარეო პოლიტიკის გამო საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს ჩამორჩა.

ამის მიუხედავად, საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნების შემდგარ ფაქტად მიჩნევა აკნინებს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს და ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მტკიცე ევროპულ ორიენტაციას, ასუსტებს ჩვენი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების საერთო ძალისხმევას, საბოლოოდ დავაღწიოთ თავი რუსულ გავლენას და მოვიპოვოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია ისტორიულად საქართველოს უახლოესმა პარტნიორმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირონ ქართულ საზოგადოებას, რომელიც ამ რთულ დროს გამორჩეული გამძლეობით აგრძელებს საკუთარი ევროპული მომავლის დაცვას.

დარწმუნებულები ვართ, რომ მიუხედავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ავტორიტარული ხასიათისა, ქართული საზოგადოება, საქართველოს მოკავშირეებთან ერთად, შევძლებთ, დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები და ჩვენი საერთო მიზნები", - აღნიშნულია განცხადებაში.

მოლდოვას პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებით, რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღის გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ.