პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი შიდა პოლიტიკურ ბრძოლას აწარმოებს, უკრაინელების მიმართ სიძულვილს აღვივებს და უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის შეცდომებს იმეორებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მეზობელი ერის სიძულვილიდან პოლიტიკური სარგებლის მიღების მცდელობები აბსოლუტურად მცდარია. ეს იწვევს საზოგადოების რადიკალიზაციას და შეიძლება ძალიან სერიოზული ესკალაცია გამოიწვიოს.

"მივიჩნევ, რომ მას შემდეგ, რაც მე ეს გადაწყვეტილება მივიღე, ის საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკურ ბრძოლას აგრძელებს უკრაინელების მიმართ სიძულვილის გაღვივებით. ეს არის ის, რასაც ორბანი აკეთებდა, ეს ცუდი ისტორიაა. ვფიქრობ, ცუდად დასრულდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, "სიძულვილით პოლიტიკური დივიდენდების მიღება შეუძლებელია, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობების გაუარესებას გამოიწვევს".

ზელენსკიმ გაიხსენა, რომ პოლონეთში ნავროცკისთან პირველი შეხვედრის დროს, ამ უკანასკნელმა მას ვოლინის ტრაგედიის შესახებ წიგნი აჩუქა: "მე მასთან მივედი და ხელის ჩამორთმევისას მან საჩუქარი გადმომცა - წიგნი ვოლინის ტრაგედიის შესახებ. მე ამაზე არ მისაუბრია. ახლა ამაზე ღიად ვსაუბრობთ, რადგან ის ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებსაც მე არასწორად მივიჩნევ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერი ამ ქმედებებს მხოლოდ საარჩევნო პროცესებით ხსნის, რამდენადაც პოლონეთში 2027 წელს არჩევნებია დაგეგმილი და ნავროცკი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ მისმა პარტიამ დონალდ ტუსკის პოლიტიკური ძალა დაამარცხოს.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი, მხარდამჭერი განცხადებების მიუხედავად, უკრაინაში არასდროს ჩასულა.

ზელენსკის თქმით, ახლა პოლონეთისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებას უკრაინელები იცავენ და იღუპებიან და არა პირიქით.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კირილ ბუდანოვი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცია სიტუაციის მოსაგვარებლად პოლონეთში გაემგზავრნენ, თუმცა შეხვედრების შემდეგ მათ მხოლოდ დაადასტურეს პრეზიდენტის დასკვნა, რომ პოლონური მხარე მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებით ხელმძღვანელობდა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელმა მებრძოლებმა დამოუკიდებლად აირჩიეს თავიანთი დანაყოფის სახელი.

კიევსა და ვარშავას შორის ურთიერთობები ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაუარესდა ისტორიული დავების გამო. დიპლომატიური კრიზისი გამოიწვია უკრაინული მხარის გადაწყვეტილებამ, მისი ერთ-ერთი დანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ საპატიო წოდება მიენიჭებინა.

ამ ფონზე, პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჩამოართვა ქვეყნის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, "თეთრი არწივის" ორდენი.

ვარშავას ქმედებების საპასუხოდ, უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა, ოფიციალურად უარი თქვეს პოლონურ ჯილდოებზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ კიევი მზადაა, ანალოგიურად უპასუხოს დამამცირებელ ნაბიჯებს და აღნიშნა, რომ ნავროცკი ორმხრივი ურთიერთობების დამანგრევლად იქცა, რისთვისაც „მოსკოვისგან აპლოდისმენტებს“ იმსახურებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სამმა ყოფილმა პრეზიდენტმა - ლეონიდ კუჩმამ, ვიქტორ იუშჩენკომ და პეტრო პოროშენკომ პოლონეთს "თეთრი არწივის" ორდენი დაუბრუნეს.

ტრადიციული საკომუნიკაციო არხების არაეფექტურობის გამო, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა საჯაროდ მოუწოდა ორივე ქვეყნის ლიდერებს პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ. მისი თქმით, პოლონელი და უკრაინელი პოლიტიკოსების შიდაპოლიტიკურ კონფლიქტში ჩაბმა სერიოზული სტრატეგიული შეცდომაა, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს.

ამასთან, უკრაინის მიმართ ნავროცკის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად პოლონეთის სეიმის ყოფილმა წევრმა პიოტრ ვოგლერმა "ღირსების ჯვარი" უკან დააბრუნა.