უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მინისტრთა კაბინეტის გადახალისება და სამართალდამცავი ორგანოების საკადრო რეფორმა გამოაცხადა. პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო თანამდებობას ტოვებს - დეპუტატების თქმით, შესაძლოა, ის აშშ-ში უკრაინის ელჩად დაინიშნოს.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ცვლის პოლიტიკურ სტრატეგიას და საგარეო პოლიტიკის თითოეულ პრიორიტეტულ სფეროზე პასუხისმგებელი იქნება კონკრეტული პირი, რომელსაც მნიშვნელოვანი გამოცდილება ექნება.

ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, განახლებული პოლიტიკური სტრატეგიის განსახორციელებლად უკრაინაში საკადრო ცვლილებები დაიწყება.

"უკრაინაში იწყება საკადრო ცვლილებები, რამაც უნდა უზრუნველყოს განახლებული პოლიტიკური სტრატეგიის განხორციელება. პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსთან განვიხილეთ დეტალები. დავადგინეთ, რომ ცვლილებების განსახორციელებლად აუცილებელია ახალი მინისტრთა კაბინეტი. მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრის რანგში მისი მკაფიო, სტაბილური და ეფექტური მუშაობისთვის, ასევე, უკრაინის გუნდში მრავალწლიანი პროდუქტიული მუშაობისთვის. შევთავაზე, რომ მან მთავარ პარტნიორთან ურთიერთობების ახალ, მნიშვნელოვან სფეროს უხელმძღვანელოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, იულია სვირიდენკომ მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადადგომა დაადასტურა.

"მადლიერი ვარ პრეზიდენტის ნდობისა და ჩვენი გუნდის მუშაობის მაღალი შექებისთვის. ვამაყობ, რომ მქონდა პატივი, მთავრობისთვის უკრაინის უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში მეხელმძღვანელა“, – განაცხადა იულია სვირიდენკომ.

პრემიერ-მინისტრის შესაძლო კანდიდატებად განიხილებიან: სერგეი კორეცკი („უკრნაფტა“, „ნაფტოგაზი“), დენის შმიგალი (ენერგეტიკის სამინისტრო) და მიხაილ ფედოროვი (თავდაცვის სამინისტრო).

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ კენჭისყრა შესაძლოა, 13-14 ივლისს ჩატარდეს. ამის შემდეგ მთავრობა მოვალეობის შემსრულებელი გახდება, ხოლო დენის შმიგალი, სავარაუდოდ, კაბინეტის დროებით ხელმძღვანელობას გადაიბარებს.

საკადრო გადაწყვეტილებები სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებსაც შეეხებათ.