უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულება 2025 წელს შესაძლებელია, ამისთვის აუცილებელია სანქციების გამკაცრება და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანულ ტელეარხ ITV News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ ძალიან გვინდა ეს (ომის დასრულება უკრაინაში) და ყოველწლიურად, გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ჰქონოდათ საკმარისი ძალა, რათა პუტინი ეიძულებინათ ომი დაემთავრებინა", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მას მიაჩნია, რომ ახლა ამის ყველა შესაძლებლობა არსებობს, უფრო მეტიც, მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსაც სურს ომის სწრაფი დასრულება.

"მე მჯერა, რომ დღეს ამის ყველა შესაძლებლობა არსებობს. ჩემი აზრით, ტრამპს ომის სწრაფი დასრულება სურს. სწრაფად თუ არა, არ ვიცით, როგორ გამოვა, მაგრამ ვიცით, რომ ძლიერები უნდა ვიყოთ. ის ძლიერია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ გადამწყვეტად ევროპელებთან ალიანსში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

სანქციებთან დაკავშირებით ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანქციები შემოღებულ იქნა და ეს რუსეთის ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს, "მაგრამ მას ჰქონდა დრო გარკვეული სანქციების ადაპტაციისთვის".

"რატომ? იმიტომ, რომ ასეთი "უფსკრული" ყოველთვის იყო – საბანკო სანქციებს აწესებენ, მაგრამ არა ყველა ბანკზე, სოფლის მეურნეობაზე, მაგრამ ჩრდილოვანი ფლოტი მუშაობს. ახლა სანქციები შემოიღეს ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ, მაგრამ კიდევ ერთხელ, არა ყველა გემისთვის, არა მთელი ფლოტისთვის. ჯერ კიდევ არის გასაკეთებელი. საუბარია ასობით გემზე, რომლებსაც სანქციები სჭირდებათ. და კაპიტნებზე, ეკიპაჟებზე, ყველა იმ ადამიანზე, ვინც ამას აკეთებს", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანქციები უნდა იყოს ტოტალური, რათა გაიზარდოს ზეწოლა რუსეთზე.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს საუბარია ომის ცხელი ეტაპის დასრულებაზე.

"სამართლიანი და რეალური მშვიდობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მოდით გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები, უსაფრთხოების გარანტიები - მაშინ შეიძლება ვისაუბროთ ომის ცხელი ეტაპის შეჩერებაზე. მხარდაჭერა  ჩვენს ჯარს - მაშინ ჩვენ შეგვიძლია გარანტირება, რომ ხვალ მარტო არ დავრჩებით. მაშინ შეიძლება ვისაუბროთ მესამე, მეოთხე, მეხუთე პუნქტებზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.