რუსეთი შეგნებულად აყენებს მოთხოვნებს, რაც ართულებს და აჭიანურებს უკრაინასთან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტას. აგრესორს ომის გაგრძელება სურს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მან მოლაპარაკებები გამართა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინთან.

"პაპს ფრანცისკეს ვუსურვე სწრაფად გამოჯანმრთელება და მადლობა გადავუხადე ჩვენი ხალხისთვის ლოცვისა და მორალური მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნებაში დახმარებისთვის", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, წმინდა საყდარმა მიიღო უკრაინელების სია, რომლებიც რუსებს ციხეებსა და ბანაკებში ჰყავთ. უკრაინა იმედოვნებს, რომ ვატიკანი მათ გათავისუფლებაში დაეხმარება.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტყვეთა გაცვლა და უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა არის პირველი ნაბიჯი, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად დააახლოოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა და უკრაინა მზად არის გადადგას ასეთი ნაბიჯები.

"ახლა მსოფლიო ხედავს, თუ როგორ აყენებს რუსეთი შეგნებულად პირობებს, რომლებიც მხოლოდ ართულებს და აჭიანურებს ყველაფერს, რადგან რუსეთი ერთადერთი სუბიექტია, რომელსაც სურს, რომ ომი არ დასრულდეს და დიპლომატია დაიშალოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.