კურსკის ოპერაციამ მიაღწია თავის მთავარ მიზანს - რუსული ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილის გაყვანას პოკროვსკის, ხარკოვისა და სუმის მიმართულებებიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა გამოავლინეს არაჩვეულებრივი გამძლეობა, გაუძლეს მტრის ძლიერ დარტყმას, რამაც შესაძლებელი გახადა ზეწოლის შემსუბუქება ფრონტის კრიტიკულად მნიშვნელოვან მონაკვეთებზე.

"ჩვენი ბიჭები აბსოლუტურად გმირები არიან, მათ ძლიერი დარტყმა მიიღეს საკუთარ თავზე. ზეწოლა ჯერ ხარკოვის მიმართულებით განიმუხტა - რუსებმა ჯარის მაქსიმალური რაოდენობა გაიყვანეს კურსკის ოლქში. შემდეგ დაიწყეს ძალების გაყვანა აღმოსავლეთიდან, მაგრამ არ დატოვეს მთავარი სამიზნე - პოკროვსკი", - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კურსკის ოპერაციის წყალობით პოკროვსკის და ხარკოვის მიმართულებებში ვითარება დასტაბილურდა და მტერს „ძალიან გაუჭირდება“ პოკროვსკიზე ხელახლა მუქარის შესაძლებლობა მოძებნოს.

"მე შემიძლია მხოლოდ მადლობა გადავუხადო ჩვენს ჯარისკაცებს კურსკის ოპერაციისთვის. მივიჩნევ, რომ მან შეასრულა თავისი ამოცანა", - აღნიშნა მან.

კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალები ოპერაციას 2024 წლის აგვისტოს დასაწყისიდან ატარებს. მისი მიზანი იყო მოწინააღმდეგის საბრძოლო შესაძლებლობების შესუსტება და მისი იძულება გადაესროლა რესურსები საკუთარი ტერიტორიების დასაცავად. ცნობილია, რომ ზაფხულის ბოლოს უკრაინელი ჯარისკაცები რეგიონში 100 დასახლებას აკონტროლებდნენ.

ამის მიუხედავად, მარტის დასაწყისიდან კურსკის რეგიონში ვითარება გართულდა.

დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ინფორმაცია კურსკის ოლქში უკრაინული შენაერთების სავარაუდო ალყაში მოქცევის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავს მესიჯებს რუსული პროპაგანდა ავრცელებს.