უკრაინამ ტექნოლოგიური იარაღის წარმოების ისეთ მოცულობას მიაღწია, რომელმაც გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა, რუსეთის შესაძლებლობებს გადააჭარბოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს  უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე დიდი ყურადღება დაეთმო თავდაცვის წარმოების საკითხს. მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ უკრაინელ იარაღის მწარმოებლებს მათი საჭიროებების განსახილველად.

კერძოდ, საუბარი ეხებოდა სახელმწიფოს მხრიდან საჭირო ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებსა და დაფინანსებას. ეს შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, მაქსიმალურად გაზარდოს უკრაინული საწარმოო სიმძლავრეები რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად და ფრონტზე მისი ძალების შესასუსტებლად.

"ეს პირველ რიგში ეხება ყველა ტიპის უკრაინულ დრონებს, მიწისზედა რობოტულ სისტემებს, სარაკეტო პროგრამას, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებსა და სამხედრო ტექნიკას", - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ შეიარაღების განვითარება რუსეთს უკრაინასთან ომის გახანგრძლივების შესაძლებლობას წაართმევს.

მან მადლობა გადაუხადა ყველა სპეციალისტს, რომელიც ავითარებს სარაკეტო პროგრამას და განსაკუთრებით მუშაობს ეფექტური უკრაინული ბალისტიკური და ანტიბალისტიკური სისტემების წარმოებაზე.