პარიზში ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტი პრაქტიკულად მზადაა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ დასამტკიცებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის რუსტემ უმეროვისგან 7 იანვარს პარიზში ამერიკულ მხარესთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ ანგარიში მიიღო.

"მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ გააგრძელოს ევროპული და ამერიკული გუნდების მუშაობის ინტეგრირება. ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ, კერძოდ, რეკონსტრუქციისა და ეკონომიკური განვითარების დოკუმენტები. ასევე განვიხილეთ ომის დასრულების ძირითად ჩარჩოსთან დაკავშირებული რთული საკითხები და უკრაინულმა მხარემ წარმოადგინა ამ დოკუმენტის დასრულების შესაძლო ვარიანტები.

ჩვენ გვესმის, რომ ამერიკული მხარე რუსეთთან კომუნიკაციას გააგრძელებს და ველოდებით გამოხმაურებას იმის შესახებ, ნამდვილად მზად არის თუ არა აგრესორი ომის დასასრულებლად", – განაცხადა ზელენსკიმ.