უკრაინა შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფისა და განვითარებისთვის ახალ გადაწყვეტილებებს შეიმუშავებს. ცვლილებები სამხედრო და თავდაცვის სექტორის ხელმძღვანელობის მოსაზრებების საფუძველზე მომზადდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ნაბიჯს წინ უძღოდა განხილვებისა და კონსულტაციების ხანგრძლივი სერია.

"გუშინ და დღეს ბევრი კონსულტაცია იყო. რა თქმა უნდა, მესმის, რას ამბობენ ადამიანები. დღეს ხანგრძლივი საუბარი მქონდა მიხაილ ფედოროვთან. დღეს ვესაუბრე ალექსანდრ სირსკის. არმიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები შემუშავდება. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინაზე ზრუნავს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იცავს ჩვენს პოზიციებს ფრონტის ხაზზე, ვინც ცდილობს ომი სახლში დააბრუნოს - რუსეთში, საიდანაც ის დაიწყო. დიდება უკრაინას!“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში მესამე დღეა, გრძელდება მასობრივი საპროტესტო აქციები მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გადაყენების გამო. თავდაცვის ყოფილი მინისტრი გამოეხმაურა მის მხარდასაჭერად გამართულ მასობრივ აქციებს. თავის მიმართვაში ყოფილმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ხალხს და განაცხადა, რომ დაგეგმილი ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება.