ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ 10 წლით.

შეთანხმება ამერიკისა და უკრაინის ლიდერებმა ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ G7-ის სამიტის ფარგლებში გააფორმეს.

ტექსტის მიხედვით, ეს შეთანხმება უნდა იყოს ნაბიჯი უკრაინის ნატოში შესაძლო წევრობისკენ.

ასევე, უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმის ან ასეთი თავდასხმის საფრთხის შემთხვევაში, აშშ-ის და უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირები შეხვდებიან 24 საათის განმავლობაში კონსულტაციებისთვის, რათა განსაზღვრონ რა დამატებითი თავდაცვა სჭირდება უკრაინას.

"აშშ აპირებს უზრუნველყოს გრძელვადიანი მატერიალური, სასწავლო და საკონსულტაციო, მხარდაჭერის, დაზვერვის, უსაფრთხოების, თავდაცვითი ინდუსტრიული, ინსტიტუციური და სხვა მხარდაჭერა უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების განვითარებისთვის, რომლებიც შეძლებენ დაიცვან სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინა და შეაფერხონ მომავალი აგრესია“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

უკრაინასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერა არის ფაქტობრივი დადასტურება იმისა, რომ კონკრეტული ქვეყანა იღებს გარკვეულ გარანტიებს. ეს შეიძლება იყოს იარაღის მიწოდება, ფინანსური დახმარება, თანამშრომლობა, ერთობლივი საწარმოების შექმნა და დაზვერვის მონაცემების გაცვლა.

მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა უსაფრთხოების თანამშრომლობის ხელშეკრულებას, არის დიდი ბრიტანეთი. უკრაინას ასევე აქვს უსაფრთხოების შეთანხმებები შემდეგ ქვეყნებთან: გერმანია, საფრანგეთი, დანია, იტალია, კანადა, ნიდერლანდები, ფინეთი, ლატვია, ესპანეთი, ბელგია, პორტუგალია, შვედეთი, ნორვეგია და ისლანდია.