2015 წლამდე 7-8 ბინას ვფლობდი. რაიმის შენიღბვა თუ მინდოდა, ამის გაკეთება 1000 მეთოდით შემეძლო.
დეკლარაციაში ასახული მქონდა 2024 წლის შემოსავლები და არა 2025 წლის, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვით სარგებლობისას განაცხადა.

მისი თქმით, საერთო ჯამში, მარტო ავტოფარეხების რეალიზაციით ნახევარი მილიონი ლარის შემოსავლები აქვს მიღებული.

"ამონაწერები მაქვს წარმოდგენილი, 2006-2009 წლებში ჩემი შემოსავალი წელიწადში დაახლოებით, 3-4 მილიონ ლარს შეადგენდა, ეს იყო ჩემი და ჩემი ოჯახის თანხები, მაშინ ბარათების გამოყენება დახვეწილი არ იყო, თანხები შემქონდა, ან ბიზნესის ინვესტირებისთვის იყო, ვახურდავებდი ლარად და იმას ვხარჯავდი ოჯახში. 600 000-ის კომუნალური მაქვს გადახდილი, მანამდე 143 000 ლარი მაქვს კომუნალურში გადახდილი, მაშინ 8 ბინა მქონდა, მერე 6 ბინა, ეს ხომ ალოგიკურია? კომუნალური გაძვირდა, მაგრამ 4-5-ჯერ არ გაძვირებულა ხომ? კომუნალურებიც კი ბარათზე არ მქონდა მიბმული, პირდაპირ შემქონდა მიმღების - "თელასის", „ყაზტრანსგაზის" და ა.შ. ანგარიშის ნომერზე. 2015 წლამდე 8 ბინა მქონდა. მოგვიანებით განგიმარტავთ, თანხები რაში მქონდა ინვესტირებული და რას ვიღებდი. ავხსნი, რა უნდა იყოს ჩემს შემთხვევაში გათვალისწინებული.

გამოდის, რომ ეჭვი უნდა მივიტანოთ ყველაზე, ვისაც ემიგრანტი ჰყავს ოჯახის წევრი და ბინა გაქირავებული აქვს.
შემოსავალი რაც იყო, ყველაფერი დამიდასტურა ბრალდების მხარის წარმოდგენილმა მოწმეებმა.

2006 წელს ჩემმა ოჯახმა გაასხვისა რუსთაველის გამზირზე მდებარე ქონება 1 6000 000 ლარად, საიდანაც გასავალი ჩანს - მე და დედაჩემმა ბანკიდან გავიტანეთ დაახლოებით, 700 000 დოლარი. გარდა ამისა, მივიღე 900 000 დოლარი, რადგან საწარმოში პატრონების წილები გამოვისყიდე, გავაქირავე, რუსთაველზე მაღაზია რომ არის, "დიკა" ჩვენი ფართი იყო და ასევე წყეული კაზინოც - პირველიც და მეორეც საქართველოში ჩვენი იყო, საიდანაც შემოსავლებს ვიღებდი იჯარის სახით.

1000 კვ მხოლოდ რუსთაველის გამზირზე ფლობდა ჩვენი ოჯახი. 1 200 000 დოლარი 2007-2008 წლის განმავლობაში ბებიაჩემს ჩაერიცხა. დედაჩემი, მამაჩემი დედისერთაა, მამაჩემი, დედაჩემი და ბებიაჩემი ერთად ცხოვრობენ და სამეწარმეო საქმიანობით იყვნენ დაკავებული. თანხების მემკვიდრე სხვა არავინ ყოფილა, ერთი ძმა მყავს და სასულიერო პირია. 

ამერიკაში 6 000 დოლარზე მეტი შემოსავალი მქონდა, ის თანხა იქ იხარჯებოდა. იმ ქონებებს, რომელსაც 2015 წლამდე ვფლობდი, 7-8 ბინა იყო, ბუნებრივია, მით უმეტეს, ამერიკაში რომ ვცხოვრობდი, ვაქირავებდი. დიღომში კერძო სახლი მქონდა, სამსართულიანი, 140 000 დოლარად გავყიდე, 2010-2014 წლებში გაქირავებული მქონდა, 90 000 დოლარი მაქვს იქიდან მიღებული.

რაღაც ქონებებს ვყიდდი თავიდანვე, ან ვაქირავებდი, მოკლედ არ ვჩქარობდი. პირველი სკოლის უკანაც მქონდა ინვესტიცია, ყველა ქონება რაც შევიძინე, სარგებლის სახით მქონდა მიღებული.

ნუცუბიძის ბინა 2010 წელს ვიყიდე, აშშ-ში რომ წავედი, გავაქირავე. ფალიაშვილის გამზირზე, ნასიძის გამზირზე ბინა გაქირავებული მქონდა.

რაც ჩამოვთვალე, დეპოზიტზე რომ დამედო, 15 წლის განმავლობაში, ის გახდებოდა 8 მილიონი დოლარი, ვგავარ იმ კაცს რომ ფული გადამეყარა, თუ კაზინოში ვთამაშობდი? საერთო ჯამში, მარტო ავტოფარეხების რეალიზაციით ნახევარი მილიონი ლარის შემოსავლები მაქვს მიღებული. რაიმის შენიღბვა თუ მინდოდა, ამის გაკეთება 1000 მეთოდით შემეძლო.

დეკლარაციაში ასახული მქონდა 2024 წლის შემოსავლები და არა 2025 წლის", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯუანშერ ბურჭულაძე 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავა. პროკურატურამ ბურჭულაძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარუდგინა. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.