უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარების განბლოკვამ, ახალ სანქციებთან ერთად, რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს.

მისი თქმით, ევროკავშირთან შეთანხმებების განხორციელება, რომლებიც უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის ორი წლით განბლოკვას, ასევე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტს ითვალისწინებს, უკვე დაწყებულია.

"განბლოკვა სწორი სიგნალია არსებულ ვითარებაში. რუსეთმა ომი უნდა დაასრულოს. და მას ამის გაკეთების მოტივაცია მხოლოდ მაშინ ექნება, როდესაც უკრაინის მხარდაჭერაც და რუსეთზე ზეწოლაც საკმარისი იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს „მათ შორის ისეთ საკამათო საკითხებშიც კი, როგორიცაა ნავთობსადენი "დრუჟბას" მუშაობა და პარტნიორებისგან შესაბამის ნაბიჯებს ელის.

"ჩვენ ველით, რომ ევროპული მხარეც უზრუნველყოფს იმას, რაც საჭიროა სიცოცხლის ნამდვილად დასაცავად და უკრაინის სრული ევროპული ინტეგრაციის წინსვლისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამავდროულად, კიევი დახმარების პაკეტის სწრაფ ამოქმედებას ელის და ევროპელ ლიდერებთან ევროკავშირში ინტეგრაციის ფარგლებში ახალი კლასტერების გახსნაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა მუშაობს რუსეთზე სანქციებით ზეწოლის გაზრდისა და ევროპული ენერგეტიკული სისტემის განვითარების მიმართულებით, რათა შეზღუდოს მოსკოვის შესაძლებლობა, "მანიპულირება მოახდინოს ევროპის ენერგომომარაგებაზე“.

ევროკავშირის ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცეს და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფას დაუჭირეს მხარი.

საბოლოო გადაწყვეტილება ევროპის საბჭომ წერილობითი პროცედურის მეშვეობით უნდა დაამტკიცოს, რომელიც, სავარაუდოდ, ხვალ დასრულდება, როდესაც ევროპელი ლიდერები კვიპროსში ევროკავშირის სამიტზე შეიკრიბებიან. დაფინანსების გაცემა, სავარაუდოდ, მაისში დაიწყება.