ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ქეთი თურაზაშვილის მამა და პარტია "მოქალაქეების" წარმომადგენელი საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში, ალექსანდრე თურაზაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც საბურთალოს საოლქო კომისიის სახელისუფლებო წარმომადგენელმა, თეონა ჯაფარიძემ მას "სატელეფონო საუბრისას ენით აღუწერელი" შეურაცხყოფა მიაყენა.

"დღეს დილით ის შემოვლას ატარებდა უბნებზე, სადაც არცერთი პასუხისმგებელი პირი არ დახვედრია მას, ამიტომ ტელეფონის ნომერი გაურკვევია ამ უბნების კომისიების თავმჯდომარეების და რამდენიმესთვის დაურეკავს და მოუკითხავს, რატომ იყო უპატრონოდ მიტოვებული საბურთალოს რამდენიმე უბანი. [...]

პარალელურად, ხელისუფლების წარმომადგენელმა საბურთალოს საარჩევნო კომისიაში, ვინმე თეონა ჯაფარიძემ, დაურეკა ალექსანდრე თურაზაშვილს და როგორც ჩანს, ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა, იმდენად რომ ამ ზარიდან შემდეგ გადაურეკა შორენა ბუხრაშვილს და უთხრა, რომ მას ენით აღუწერელი შეურაცხყოფა მიაყენეს და არ იცოდა, როგორ გადაიტანდა. [...]

[სახლში დაბრუნებულს] დაემართა გულის შეტევა და გარდაიცვალა. ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა ამ ამაზრზენმა ხელისუფლებამ იგი", - აცხადებს ელისაშვილი.