საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი შეკრულია იმით, რომ საქართველომ დაიწყო ომი და რუსეთს ჰქონდა ლეგიტიმური უფლება საქართველოში შემოჭრის. ამ შესაძლო გადაწყვეტილებით, საქართველოს ოკუპაცია ლეგიტიმური ხდება გარკვეულწილად, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამაზე ცუდს საკუთარ ქვეყანას ვერაფერს გაუკეთებენ.

"ამ ყველაფერს არ სჭირდება განსაკუთრებული სამართლებრივი ცოდნა, საღი აზრის ადამიანი ყველა ხედავს, რომ ეს ყველაფერი იმ დაკვეთით მიმდინარეობს, რომელიც არის იმ თავითვე შეკვეთილი.

მე არ გამოვრიცხავ, რომ ტაქტიკური ცვლილებები ჰქონდეთ, გაზომავენ, შეაფასებენ, რა უფრო ნაკლები რისკი შეიძლება იყოს მათთვისვე. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ყველას პოზიცია ცალსახა და ერთიანი იყოს თუნდაც მმართველი გუნდის შიგნით, გარკვეული უსიამოვნებები მაინც იქნება. ამის მაგალითია მანანა კობახიძე და ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა უმრავლესობის სხდომაზე და საუბარი, რაც აჩვენებს, რომ შიგნით პროცესი ერთგვაროვანი არ არის, მაგრამ ისინი ეცდებიან, ბოლომდე მიიყვანონ ეს საქმე და ბოლომდე მოასუფთავონ პოლიტიკური ველი. შეიძლება მათ კონკრეტულად ამ პარტიების არ ეშინიათ, მაგრამ ეშინიათ საზოგადოების აზრის, რადგან ეს აზრი ცალსახად "ოცნების" წინააღმდეგაა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს პარტიებში გარკვეული კრიზისები იყოს, სტრუქტურულად არ იყოს გამართული, მოსახლეობა გაბრაზებული იყოს, მაგრამ კრიტიკულ ვითარებაში, თუ ეს საჭირო გახდა, ადამიანები მივლენ და არჩევანს გააკეთებენ. სწორედ ამ ინსტრუმენტის  გაქრობას უწყობს ხელს ეს გადაწყვეტილება. ამასთანავე, საქართველოს დემოკრატია, საქართველოს მომავალი უნდათ რომ დაასამარონ, თუმცა ეს მათთვის მეორეხარისხოვანია, რადგან ყველაფერი პოლიტიკურ ვითარებაში გადაჰყავთ. იმისთვის, რომ მათ ძალაუფლება შეინარჩუნონ, მზად არიან, ნებისმიერი ფასი გადაახდევინონ საქართველოს სახელმწიფოს.

გარდა იმისა, რომ დემოკრატიას ასამარებენ, ქვეყნის სუვერენიტეტს უქმნიან საფრთხეს იმით, რომ ეს გადაწყვეტილება ლეგიტიმაციას უკლავს ზოგიერთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სუვერენულმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ახლა, ან შემდგომში და რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, რუსეთის ინტერესების ტესტი გაიაროს.

საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი შეკრულია იმით, რომ საქართველომ დაიწყო ომი და რუსეთს ჰქონდა ლეგიტიმური უფლება საქართველოში შემოჭრის. ამ შესაძლო გადაწყვეტილებით, საქართველოს ოკუპაცია ლეგიტიმური ხდება გარკვეულწილად. ამაზე ცუდი რა შეიძლება საკუთარ სახელმწიფოს გაუკეთო?!", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.