ამერიკის შეერთებული შტატებს "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შემუშავებული აქვს და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს.

"ამერიკის ხმას“ აღნიშნულ ინფორმაციას, ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის ორი პირი და ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ორი წყარო უდასტურებს. წყაროები „ამერიკის ხმას“ ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ, საკითხის ბუნებიდან გამომდინარე. წყაროების ინფორმაციით, მუშაობას სანქციების პაკეტზე ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები წარმართავენ.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მან [ბიძინა ივანიშვილმა] გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, გადადგა ნაბიჯები, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. ფაქტობრივად, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გაატარა”, - ამბობს ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი “ამერიკის ხმასთან” სატელეფონო საუბარში, ანონიმურობის დაცვის პირობით, საკითხი სენსიტურობიდან გამომდინარე.

ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირის თქმით, სანქციების ბაზისია 14024-ე განკარგულება. მისი თქმით, განკარგულებას “აქვს ფართო უფლებამოსილებები მასში მოხვდნენ პირები, რომლებიც ახორციელებენ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს, ჩართულნი არიან საერთაშორისო კორუფციაში. არსებობს აქტივობების მთელი რიგი, რომელიც სანქციებს ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ ის რუსეთის ფედერაციისთვის სასარგებლოა”.

14024-ე აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც 2021 წლის 15 აპრილს გამოსცა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მოგვიანებით იქნა შესწორებული, აწესებს სამართლებრივ საფუძველს უქმნის სანქციების დაწესებას იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ფედერაციის საზიანო საგარეო საქმიანობაში. ეს საქმიანობები მოიცავს დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრას, კიბერთავდასხმებს, არჩევნებში ჩარევას და სხვა დესტაბილიზაციურ მოქმედებებს უცხო ქვეყნებში.

"აშშ-ს მთავრობას აქვს მომზადებული სანქციების პაკეტი და მზად არის მიიღოს ის“, - განუმარტავს ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ერთი წყარო „ამერიკის ხმას“, რომელიც ასევე ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრობს, უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე. სანქციებს „მოჰყავს არგუმენტად მთელი რიგი საკითხები, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირი გამოთხრა და ასევე საერთაშორისო კორუფცია, რომელსაც სარგებელი მოაქვს რუსეთის ფედერაციისთვის“, - ამბობს წყარო, რომელიც ამერიკის მთავრობის შიგნით მიმდინარე დისკუსიის შესახებ ინფორმირებულია და იცნობს შემუშავებულ პაკეტს.