დრამა „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ვერ შედგება. "ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ოპოზიციურ სპექტრში პრაქტიკულად ერთადერთი პარტიაა, სადაც ხელმძღვანელი პოზიციები კონკურენტული არჩევნებით იცვლება. ეს პროცესი ხშირად ხმაურიანია, მაგრამ ვერც ერთ სხვა პარტიას ვერ დაასახელებთ, სადაც მსგავსი ტიპის რეალური შიდა არჩევნები ტარდება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

"ეს არის შიდა დემოკრატია - შესაძლოა, განვითარების სტადიაში, არასაკმარისი მაგრამ მაინც რეალური და ცოცხალი. ის, რომ მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას და პარტიის მოქმედი თავმჯდომარე არ ეთანხმება, ესეც ნორმალური პოლიტიკური პროცესია. სწორედ ასე ფუნქციონირებს ნებისმიერი ჯანსაღი ორგანიზაცია.

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა არასოდეს ყოფილა პრივილეგია - ეს არის მძიმე პასუხისმგებლობა.
2012 წლიდან დღემდე ყველა თავმჯდომარის პერიოდი გამოვიარე: ვიღაცამ ვერ გაუძლო ამ ტვირთს, ვიღაცამ სხვა გზა აირჩია, ვიღაცამ კი ღირსეულად ატარა ეს პასუხისმგებლობა. ეს ბუნებრივი პოლიტიკური ციკლია.

ამ პარტიაში არც ერთი თანამდებობა არ არის სამუდამო. პარტიაში, ყველა უფლებამოსილ პირს 8 ივლისს ეწურება უფლებამოსილება და ამომრჩეველი გადაწყვეტს ვის ანდოს შემდეგი ორი წელი მანდატი. ვადის ამოწურვა და გადადგომა არ არის ტრაგედია ან კრიზისი - ეს დემოკრატიის ნორმალური მუშაობაა.

პოლიტიკურ სისტემაში, სადაც ცვლილება კატასტროფად აღიქმება, რეალური დემოკრატია ვერ ჩამოყალიბდება.
ამიტომ მიკვირს განსაკუთრებით პოლიტიკოსების ვისაც ეს ტრაგედია ჰგონიათ.

თუ დღეს ამ სტანდარტს ოპოზიციაში ყოფნისას ვერ დავამკვიდრებთ, ხვალ ხელისუფლებაში მას ვერ შევქმნით.
ამდენი წლის განმავლობაში, პარტიაში პოლიტიკური საბჭოს წევრობის გარდა სხვა თანამდებობა არასდროს მქონია. თუმცა, ეს არასდროს ყოფილა ბარიერი იმისთვის, რომ წინა ხაზზე ვყოფილიყავი და მებრძოლა იქ, სადაც საჭირო იყო.

ჩემთვის მთავარი ყოველთვის იდეა და საქმე იყო და არა სტატუსი. დღეს მთავარი ამოცანაა მკაფიო წესები და გამჭვირვალე პროცესი, სადაც ყველას ექნება მონაწილეობის, კონკურენციის და საკუთარი ხედვის წარდგენის შესაძლებლობა. პარტიას სჭირდება არა კოსმეტიკური, არამედ ძირეული, სისტემური ცვლილებები - განსაკუთრებით მაშინ, როცა ის წლების განმავლობაში ყველაზე მძიმე პოლიტიკური წნეხის ქვეშ იმყოფება.

საბოლოოდ, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის სიძლიერეს განსაზღვრავს ჯანსაღი კონკურენცია, პასუხისმგებლობა და თამაშის წესები. ეს არის არჩევნები, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა, დააყენოს საკუთარი კანდიდატურა და თავის ხედვებში დაარწმუნოს ამომრჩეველი. სწორედ ამიტომ, დრამა ვერ შედგება - შედგება მხოლოდ ახალი ეტაპი, რომელიც ამ პარტიას კიდევ უფრო გააძლიერებს", - წერს წითლიძე.