მას შემდეგ, რაც საქართველო კანდიდატი ქვეყანა გახდა, ეს არის განსაკუთრებით კრიტიკული და ყოვლისმომცველი ანგარიში. აქ შევიდა ისეთი რაღაცები, რაც წინა ანგარიშებში არ შესულა, -  ამის შესახებ საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა გიორგი რუხაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ის პირდაპირი  ჩანაწერი, რომ ევროპული პარლამენტი არ აღიარებს "ქართულ ოცნებას" ლეგიტიმურ ხელისუფლებად.

"მას შემდეგ, რაც საქართველო კანდიდატი ქვეყანა გახდა, ეს არის განსაკუთრებით კრიტიკული და ყოვლისმომცველი ანგარიში. აქ შევიდა ისეთი რაღაცები, რაც წინა ანგარიშებში არ შესულა.

ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ის პირდაპირი  ჩანაწერი, რომ ევროპული პარლამენტი არ აღიარებს "ქართულ ოცნებას" ლეგიტიმურ ხელისუფლებად. ეს არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც უკვე ვეღარავინ გაექცევა და შესაბამისად, "ქართული ოცნების" არალეგიტიმურობა, როგორც მმართველის, აღიარებული და დაწერილია ქაღალდზე, რაც სახელმძღვანელოა სხვა წევრი ქვეყნებისთვის და მათი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებისთვის, შესაბამისად, ხვალ და ზეგ "ქართულ ოცნებას" თუ ენდომება, რომ რომელიმე პარლამენტში წავიდეს, როგორც ამ შემთხვევაში ლუქსემბურგის პარლამენტში მოხვდნენ, გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე მანამდე იყო.

ის კონკრეტული საკითხები, რომელიც სხვა ანგარიშებში არ აღმოჩენილა და მხოლოდ ამ ანგარიშში მოხვდა, ეს არის ჩინური და ირანული გავლენების ზრდა, რომელზეც ევროპა დიდად არ ამახვილებდა ყურადღებას და ახლა უკვე ანგარიშშია, ასევე ანგარიშშია ანაკლიის პორტის საკითხი - ევროპა შეშფოთებულია ანაკლიის პორტში ჩინეთის მონაწილეობით, ასევე ნახსენებია შუა კორიდორი, რისი ნაწილიც არის საქართველო და პირდაპირ არის გაცხადებული, რომ თუ საქართველო არ იქნება დემოკრატიული სახელმწიფო და არ იქნება სანდო, მას გაუჭირდება ამ როლის შესრულება. ეს ყველაფერი განმასხვავებელია სხვა დანარჩენი ანგარიშისგან", - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ევროპარლამენტმა 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შესახებ, რიგით მეორე კრიტიკული ანგარიში მიიღო. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტი ეყრდნობა ევროკომისიის შეფასებებს და აცხადებს, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკის გამო, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი 2024 წლიდან დე ფაქტო შეჩერებულია.