"ანტიქართული ოცნების" გამო, ყველაზე მნიშვნელოვან სფეროებს კარგავს დღეს საქართველო, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ივანიშვილმა და ანტიქართულმა “ოცნებამ“ საქართველოს დააკარგვინა გრძელვადიანი მშვიდობის, განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ფუნქცია.

"22 წლის წინ საქართველოს უახლეს ისტორიაში, ზუსტად 6 მაისს მოხდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, როდესაც საქართველოს გულში დაბრუნდა აჭარა, გათავისუფლდა რუსული მმართველობისგან, გათავისუფლდა დესპოტის მმართველობისგან და დაიწყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და მის გუნდთან, მრავალ გულმხურვალე პატრიოტთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი აღმასვლა და დიახ, საქართველომ დაიწყო ახალი ფურცელი, რომელიც გულისხმობდა რეგიონის ლიდერობას, განვითარებას აღმოსავლეთ ევროპის გაფართოების კონტექსტში, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის კონტექსტში, რაც იყო ჩვენი ერის ნამდვილად ისტორიული მისია. 

ეს იყო დღე, როდესაც ჩვენ სულ სხვა სახელმწიფოებრივ განვითარებაზე გადავედით და ჩვენმა გუნდმა ნამდვილად შეძლო, რომ  საქართველოს მოეპოვებინა რეგიონული ლიდერის ფუნქცია. 

დღეს ივანიშვილმა და ანტიქართულმა "ოცნებამ" საქართველოს დააკარგვინა გრძელვადიანი მშვიდობის, განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ფუნქცია. ქართველ ხალხს დააკარგვინა კეთილდღეობის და გამდიდრების, ასევე ევროინტეგრაციის შესაძლებლობა. ეს არის ისტორიული დანაშაული და თუ შევხედავთ, რა ხდება ჩვენს მეზობელ სომხეთში და მინდა, მათ ვუსურვო ძალიან დიდი წარმატება, ნახავთ, რომ ის ფუნქცია, რომელიც საქართველოს ჰქონდა - ყოფილიყო რეგიონის ლიდერი და ჰქონოდა ძალიან ბევრი მდგრადი მშვიდობის პროექტები, ეს ფუნქცია აღარ არსებობს. 

ჩვენ ასეთი პროექტები მრავლად გვქონდა, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს პოლიტიკური პატიმარია, იყო უშუალოდ ჩართული ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განვითარებასა და მშენებლობაში, მე თვითონ ძალიან ამაყი ვარ, რომ ვმონაწილეობდი ამ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაში. ეს უნივერსიტეტი უნდა გამხდარიყო ნამდვილად საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბი განათლების, ტექნოლოგიების, ახალი საკომუნიკაციო სისტემების და ახალი განათლების ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა. 

ყველა ადამიანი, რომელიც ჩართული იყო საქართველოს განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპებზე, დღეს ადევნებს თვალყურს თუ როგორ კარგავს ქვეყანა ივანიშვილის დანაშაულის გამო, "ანტიქართული ოცნების“ გამო ამ ფუნქციას, ყველაზე მნიშვნელოვან სფეროებს კარგავს დღეს საქართველო“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.