ბოლო პერიოდში ქვეყნის გარედან წამოიწყეს ახალი პროპაგანდისტული კამპანია, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს და მოუწოდებენ მათ, არ ჩამოვიდნენ ჩვენთან, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სპორტულ ჟურნალისტთან და ბლოგერთან ნობელ არუსტამიანთან პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოში არცერთ ტურისტს არ ეპყრობიან ცუდად, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს.

"ჩვენთან ძალიან უსაფრთხოა, საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში და თბილისი კი – ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქი. თუმცა ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, ქვეყნის გარედან ძალებმა, სხვისი გავლენით, წამოიწყეს ახალი პროპაგანდისტული კამპანია ჩვენი ხალხის და ინტერესების წინააღმდეგ. ისინი ამტკიცებენ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს და მოუწოდებენ მათ, არ ჩამოვიდნენ ჩვენთან. სპეციალური ყალბი ანგარიშებით სოციალურ ქსელში ბოტები ავრცელებენ ინფორმაციას, რომელიც სიმართლე არ არის. წერენ, რომ საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს მარტო ტოვებენ ტყეში, სპეციალურად აფუჭებენ საკვებს, რომელსაც რუსი ტურისტები უკვეთავენ რესტორნებში და ეს ტყუილის მხოლოდ ნაწილია. შემდეგ ამ ცრუ ინფორმაციას, სამწუხაროდ, რეგულარულად აქვეყნებენ მსხვილი უცხოური ვებგვერდები, რომელთა აუდიტორიაც რამდენიმე მილიონია. შემდეგ ამ ინფორმაციას აქტიურად ავრცელებენ ბლოგერები, რომლებსაც, დიდი ალბათობით, აკონტროლებენ ამ ტყუილის ავტორები.

თუ არ ვცდები, ორი-სამი დღის წინ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება ქვეყნის საწინააღმდეგო მავნებლობის ფაქტზე. ეს კამპანია უცხოეთიდან არის ორგანიზებული და მხარდაჭერილია ქვეყნის შიგნით, რომ ზიანი მიაყენონ ჩვენს ეკონომიკას და სახელმწიფოს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით, რომლითაც ისჯება სახელმწიფო საწარმოებისთვის ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტებისთვის ზიანის მიყენება, რაც მიზნად ისახავს, ავნოს მთლიანობაში საქართველოს.

მინდა, გულწრფელად და ოფიციალურად განვაცხადო, რომ მთელი ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში აბსოლუტური ტყუილია. ჩვენს ქვეყანაში არავინ ეპყრობა ცუდად არცერთ ტურისტს, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს ის. არც რუსებს, არც უკრაინელებს, არც ევროპული, აზიური ან სხვა ქვეყნების სახელმწიფოების მოქალაქეებს. ჩვენი ხალხი სტუმარს მიიჩნევს ღვთის საჩუქრად. ჩვენ არ შეგვიძლია, ცუდად მოვეპყროთ მათ, ვინც ჩვენთან დასასვენებლად ჩამოდის. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც იმყოფებოდა საქართველოში, ამაში დამეთანხმება. მთელ მსოფლიოში იციან, რომ ქართველები სტუმართმოყვარე და მეგობრული ხალხია. ჩვენ დიდი სითბოთი, სიყვარულითა და პატივისცემით ვმასპინძლობთ ყველას, ვინც ჩვენთან კეთილი ზრახვებით ჩამოდის. სწორედ ამიტომ, თითქმის ყველას, ვინც ნაყოფია საქართველოში, სურს აქ დაბრუნება. მინდა, გითხრათ, არ დაუჯეროთ ამ ტყუილებს, ჩამოდით საქართველოში და თავად ნახავთ, რომ ჩვენ ლამაზ ქვეყანაში, რომელსაც უდიდესი ისტორია და დიდი კულტურა აქვს, გელოდებათ დაუვიწყარი დღეები. გპირდებით, არასდროს დაივიწყებთ საქართველოში გატარებულ ბედნიერ მომენტებს. ასე რომ, ყოველთვის კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“, – განაცხადა კალაძემ.