ნატოს სამიტზე კი არ არის, არამედ პარალელურად რაღაც მოხეტიალე დასზეა და ცირკში ერთ-ერთ მსახიობად მიიწვიეს მაკა ბოჭორიშვილი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით "ქართული ოცნება" ყველაფერს იტყუება.

"ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ივაჭროს. ანაკლიის პორტზე კითხვა რატომ არ იბადება - კი მაგრამ, რატომ გააჩერეს? 2012 წელს ეს ყველაფერი ხომ იყო, ანაკლია ხომ იყო, რატომ გააჩერეს? რატომ მიატოვეს ანაკლია, ის სამუშაოები, რაზეც ფული იყო ჩადებული, რატომ ჩაყარეს წყალში?

დღეს საქართველო არსად არ არის. არ არიან მიწვეული ნატოს სამიტზე, რომელიც მეზობელ სახელმწიფოშია. მაკა ბოჭორიშვილი მიწვეულია მოხეტიალე დასის მიერ მოწყობილ რაღაც ღონისძიებაზე, რომ მისი იქ ყოფნა დაფიქსირდეს, სინამდვილეში, ესეც აწუხებთ, რომ იქ არ არიან იმიტომ, რომ რა უნდა მიჰყიდონ იმ თავის დარჩენილ ამომრჩეველს.

აბსოლუტური დარწმუნებით გეუბნებით, რომ ჩვენ თუ მოვინდომებდით, რომ რაიმე პარალელური ღონისძიება გვქონოდა, ჩვენც გავაკეთებდით და ჩვენც შეგვეძლო, რომ მაკა ბოჭორიშვილის მსგავსი რანგის ადამიანები სადმე მიგვეწვია. ნატოს სამიტზე კი არ არის, არამედ პარალელურად რაღაც მოხეტიალე დასზეა და ცირკში ერთ-ერთ მსახიობად მიიწვიეს მაკა ბოჭორიშვილი, უბრალოდ, მისი იქ ყოფნა ფიქსირდება და იტყვიან, რომ ჩვენც იქ ვიყავითო. მუდმივი ტყუილის რეჟიმში არიან, ესეც ტყუილია, რაც ანაკლიაზე ითქვა, არაფრის გამკეთებლები ესენი არ არიან. ესენი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ატყუებენ ხალხს", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.