პირველ პერიოდში მართლაც ასეთი მდგომარეობა იყო, ომი როცაა, ადამიანი ადამიანს კლავს, ომი როცაა, ადამიანს და, დედა და მშობელი რომ ჰყავს მოკლული და შვილი, იმას ვერ მოსთხოვ, ტყვე რატომ არ აიყვანეო. ადამიანი კლავს ომის დროს მეორე ადამიანს. რა არის აქ გაუგებარი?!, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ განცხადებით რეპუტაციული ზიანი არ მიუყენებია ქართული ჯარისთვის.

"ნამდვილად არ მიკვირს სამშობლოს მოღალატეებისგან ჩემი დადანაშაულება, მე რუსეთში უკვე გასამართლებული ვარ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გამო 6 წლით და 6 თვით. მე რაც ვთქვი, ის განვმარტე, რომ პირველ პერიოდში მართლაც ასეთი მდგომარეობა იყო, ომი როცაა, ადამიანი ადამიანს კლავს, ომი როცაა, ადამიანს და, დედა და მშობელი რომ ჰყავს მოკლული და შვილი, იმას ვერ მოსთხოვ, ტყვე რატომ არ აიყვანეო. ადამიანი კლავს ომის დროს მეორე ადამიანს. რა არის აქ გაუგებარი?!

არავინ არ დამიდანაშაულებია, რუსეთი არის ოკუპანტი  და ეს ყველამ იცის, ამ საკითხს წერტილი აქვს დასმული და ვერაფერი შეცვლის ამას. ის მცირე ეპიზოდი პირველი პერიოდისა, რაც მე, როგორც ტყვეების დაცვით დაკავებულმა ადამიანმა ვიცოდი და რაც იყო პრობლემა, ამის თქმა - სიმართლის თქმა არანაირ პრობლემას არ უქმნის არც ქართულ ჯარს რეპუტაციულად და არც ჩვენს ქვეყანას.

ჩემი შეგნებული ცხოვრება რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძოდი და თურმე, ამაში ვარ დამნაშავე", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.