ჩვენ ვნახეთ ეკრანზე, რომ დღისით, მზისით, ყველას თანდასწრებით, მოქალაქეზე, პარლამენტის წევრზე ძალადობს პოლიცია. ვინ არის  ხარება ასეთი, რომ ვერ ახერხებთ მის გათავისუფლებას? - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ, ვინც მოქალაქეებზე ძალადობდა, უნდა აგოს პასუხი.

"ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ძალადობა, ყოველთვის, პირველსავე შესაძლებლობაზე, მოძალადეს აუცილებლად დავგმობ. იქნება ის ოპოზიციის მხრიდან თუ უმრავლესობის მხრიდან, გამართლება არცერთ შემთხვევაში არავის აქვს, მაგრამ არსებობს ძალადობის კიდევ სხვა, უფრო მზაკვრული სახე და ფორმა, ეს არის მორალური ძალადობა, მორალური ტერორი, როცა დღისით, მზისით, მთელი ქვეყნის გასაგონად და დასანახად, აქ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ისე შეეჩვია მავანი ბილწსიტყვაობას, მგონია, რომ საკუთარ სამზარეულოშია, თუმცა წესიერმა ადამიანმა არც იქ უნდა იკადროს. ჩვენ ვნახეთ ეკრანზე, რომ დღისით, მზისით, ყველას თანდასწრებით, მოქალაქეზე, პარლამენტის წევრზე ძალადობს პოლიცია. არ ვიცი, რა გამოძიებას ჩაატარებს შესაბამისი უწყება, მაგრამ ის რაც ვიხილეთ ჩვენ, იხილეთ თქვენც და უნდა გითხრათ, რომ გამოძიების გარეშეც, როგორ მინისტრს გაქვთ უფლებამოსილება, რომ შესაბამის თანამდებობის პირებს მოსთხოვოთ პასუხი. ვინ არის  ხარება ასეთი, რომ ვერ ახერხებთ მის გათავისუფლებას? ვინ არის მისი მფარველი?", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.