მგონია, რომ ამ ეტაპზე აქციები რამდენიმე დღით უნდა შეჩერდეს და მესამე მოსმენის წინა დღეს და შემდგომ განახლდეს ახალი ეტაპის მიზნებით და ახალ შედეგებზე ორიენტირებით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია წერს.

"ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე აქციებმა უკვე შეასრულა თავის მიზნები და ცოტა მეტიც:

1. ახალი თაობა გაერთიანდა ერთმანეთის გარშემო.

2. საზოგადოების ფართო შრეები გაერთიანდა ახალგაზრდების გარშემო.

3. გაიზარდა სამშობლოს მიმართ მგრძნობელობა და გულწრფელი პატრიოტიზმი ახალ თაობაში და ზოგადად, მოქალაქეებში.

4. არგუმენტირებულად გამოავლინა ხელისუფლების მოტივაცია გააძლიეროს დიქტატი და ავტორიტარიზმი ამგვარი კანონპროექტების გზით.

5. მოიპოვა პარტნიორი ქვეყნების სოკიდარობა ჩვენი ხალხის მისწრაფებებისადმი.

6. აჩვენა მიმდინარე ხელისუფლების მმართველობის რეჟიმი.

7. ახადა ხელისუფლებას დემოკრატიულობის ნიღაბი.

8. გაჩნდა იმედი მომავალი თაობის მიმართ და ქვეყნის მიმართ.

და ა.შ. ჩამონათვალი კიდევ შეიძლება გაგრძელდეს.

მგონია, რომ ამ ეტაპზე აქციები რამდენიმე დღით უნდა შეჩერდეს და მესამე მოსმენის წინა დღეს და შემდგომ განახლდეს ახალი ეტაპის მიზნებით და ახალ შედეგებზე ორიენტირებით.

მიმდინარე ეტაპზე ახალგაზრდებმა ფართო საკომუნიკაციო მუშაობა უნდა გაშალონ სხვა მოქალაქეების, სხვა და სხვა პროფესიული საზოგადოების, სპორტული და სამეცნიერო, სახელოვნებო-შემოქმედებითი გაერთიანებების და ა.შ. მხარდაჭერის მისაღებად და მხარდაჭერის გამოხატვის შესაძლებლობებზე.

ასევე უნდა მოხდეს მიმდინარე ეტაპის მონიტორინგი და მოწესრიგდეს მენეჯმენტისა და ადმინისტრირების საკითხები.

ანუ, ჩემი აზრით, მიმდინარე დღეებში აქციები უნდა დაპაუზდეს და განახლდეს თვისობრივად განსხვავებულ ფორმატსა და შინაარსში", - წერს გამზარდია.