არანაირი სამშვიდობო პროცედურა პუტინის ადმინისტრაციას და პუტინს არ სურს, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა დავით სიხარულიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთს არანაირი მშვიდობა არ უნდა.

"აშკარაა, რომ რუსეთს არანაირი მშვიდობა არ უნდა და მშვიდობისკენ არაა ის მოწოდებული, ერთადერთი, რაც სურს პირადად პუტინს ეს არის, რომ გაგრძელდეს ომი, ეს მისი მმართველობისთვის აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ჩნდება გეგმები, საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, მთავრდება ყველაფერი იმით, რომ რუსეთი არ ეთანხმება ამ გეგმას, ამიტომ, მე ვფიქრობ, არანაირი სამშვიდობო პროცედურა პუტინის ადმინისტრაციას და პუტინს არ სურს, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობა, არ შეიძლება სამხედრო ძალით საზღვრების ცვლილება დაფიქსირდეს იმიტომ, რომ ეს გამოიწვევს დომინოს ეფექტს და ეს ყველასთვის ნათელია.

ყველაზე მეტად ვის უნდა ცეცხლის შეწყვეტა - მე ვფიქრობ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ყველა ვთანხმდებით, რომ თუ ვინმეს ყველაზე მეტად უნდა ცეცხლის შეწყვეტა, ეს არის უკრაინა, უკრაინელი ხალხი და პრეზიდენტი ზელენსკი. ყოველ ჯერზე რუსეთი ყველა სამშვიდობო შეთანხმებას აგდებს. 

რა მიიღო რუსეთმა? - სხვადასხვა დათვლებით, ნახევარი მილიონიდან ერთ მილიონ რუსეთის მოქალაქეა დაღუპული ამ ომში, ეს თითქმის 9-ჯერ მეტია, ვიდრე მთელი ავღანეთის ომის განმავლობაში. ბევრი სხვა ნიუანსია, რის გამოც, მე მგონია, რომ არ სურს პუტინს ამ ომის დასრულება", - განაცხადა დავით სიხარულიძემ.