განსხვავებული აზრის პატივისცემა ევროპულობაა, მაგრამ ცენზურა და განსხვავებული აზრის ჩახშობა რუსობა, - ამის შესახებ პარტია "გირჩის" წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვინც ევროპას უყურებს და მარტო ჭიანი ვაშლის ჭამას ხედავს, რუსია.

"ჩვენ, ბოლო დღეების განმავლობაში ბევრს ვსაუბრობთ რუსეთსა და ევროპაზე. არის რაღაცები, რაც ევროპისთვის დამახასიათებელია ან არ არის დამახასიათებელი. მაგალითად - ბელადობა და ერთპიროვნული მმართველობა არ არის ევროპულობა, ეს რუსობაა იმიტომ, რომ ევროპაში ბევრი ადამიანის მმართველობა უფრო გავრცელებულია. შეთქმულების თეორიით მართვაც არ არის ევროპულობა, მაგრამ რუსეთში ამის მეტს არაფერს აკეთებენ. ურაპატრიოტიზმიც არ არის ევროპულობა, მაგრამ წესრიგი, რომელიც მართლა გიყვარს და გინდა დაიცვა, ეს ევროპულობაა. თავისუფალი ვაჭრობა - ევროპაა. ჭიანი ვაშლის ჭამის მოწოდება, ეს ევროპულობა არ არის - ეს სინამდვილეში რუსობაა. განსხვავებული აზრის პატივისცემა ევროპულობაა, მაგრამ ცენზურა და განსხვავებული აზრის ჩახშობა კი რუსობა.

პრობლემა იმაშია, რომ ბელადსაც იპოვით ევროპაში, ცენზურასაც, შეთქმულების თეორიასაც და ურაპატრიოტიზმსაც, რადგან, თითქმის, ყველა ბოროტი იდეა ევროპიდანაა წამოსული, თუმცა ევროპა ისეა აწყობილი, რომ თვითონ შეძლო ამ ბოროტი იდეების გადახარშვა, დაძლევა და წინ წასვლა. ამიტომ, ვინც ევროპას უყურებს და მარტო ჭიანი ვაშლის ჭამას ხედავს, ეს რუსობაა, რომელსაც რუსები აკეთებენ”, - განაცხადა რაქვიაშვილმა.