ვისაც სურს, რომ ეს უსამართლობა დასრულდეს, ვისაც სურს, რომ ხელისუფლება ბოლომდე ემსახურებოდეს ხალხს, ყველას ვთავაზობთ, რომ მოვიდნენ 26 მაისს, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ერთმანეთის გადასარჩენად იკრიბება ხალხი 26 მაისს რუსთაველზე.

"ვისაც სურს, რომ ეს უსამართლობა დასრულდეს, ვისაც სურს, რომ ხელისუფლება ბოლომდე ემსახურებოდეს ხალხს, ყველას ვთავაზობთ, რომ მოვიდნენ 26 მაისს. ჩვენ შევიკრიბებით რუსთაველზე, თუ მანამდე არ გადათხარეს რუსთაველი. 

მე ღიად და მკაფიოდ ვიტყვი, ოპოზიციის ალიანსისთვის რა არის ეს დღე - ჩვენ გვსურს, რომ ამ დღით პირველი დიდი განაცხადი გავაკეთოთ და მანდატი წამოვიღოთ საზოგადოებისგან იმის, რომ მივიყვანოთ გამარჯვებამდე საქმე. პირველი, რაც ჩვენთვის ამოცანაა, არის ერის გაერთიანება, საზოგადოების გაერთიანება, ეროვნულ მობილიზაციას ვეძახით ამას ჩვენ. როცა რეჟიმი გვათითოკაცებს, ჩვენ ერთ მუშტად უნდა შევიკრათ, როცა სიძულვილის ენით და ტყუილით მართავენ ქვეყანას, ჩვენ სიმართლე, სიკეთე და ერთმანეთისთვის გაწვდილი ხელი უნდა დავუპირისპიროთ ერთმანეთს და სწორედ ამისთვის ვიკრიბებით 26-ში. გვაქვს ბევრი შეხვედრაც, გეგმაც და კამპანიაც, ეს ყველაფერი კი კიდევ უფრო ინტენსიური იქნება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციური ალიანსის განცხადებით, იწყება ეროვნული მობილიზაციის კამპანია, რომლის კულმინაცია იქნება 26 მაისს დედაქალაქში, სადაც აქცია გაიმართება.