„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები პოლიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჰქონდათ მცდელობა, რომ ცოცხლად დაეწვათ ადამიანები, აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, სიტყვიერზე აღარ ვსაუბრობ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კოპენჰაგენში აქციის მონაწილეთა დარბევასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დანიაში ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, დღემდე არავის დაუგმია აღნიშნული ფაქტი.

"გვახსოვს მათი განცხადებები და პირდაპირი უხეში ჩარევები საქართველოსთან მიმართებით. ყველა განცხადება დაფუძნებული იყო სიცრუეზე, ცილისწამებაზე. ახლა კოპენჰაგენის მაგალითზე ვხედავთ, თუ როგორ წარიმართა პროცესები, მაგრამ დღემდე ვინმეს თუ მოუსმენია მათი განცხადება, ან დაეგმოთ ის კონკრეტული ქმედებები და ძალის გადამეტება? ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. ზუსტად ამ ტიპის ფაქტები პირდაპირ აჩენს მოსაზრებას, რომ არსებობს ორმაგი სტანდარტი, რაც ძალიან ცუდი და კატეგორიულად მიუღებელია.

გავიხსენოთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, რა გამოხმაურება ჰქონდა და რა განცხადებებს აკეთებდნენ ამ მოვლენებზე მაშინ, როდესაც პირდაპირ ვხედავდით, რომ ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია, არამედ მოქმედებდნენ კონკრეტული კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს და ქვებს ესროდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ პოლიციელებს. ეს ყველაფერი წახალისებული იყო იმ კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან, რომელთაც, რა თქმა უნდა, გარკვეული ინტერესი აქვთ  საქართველოსთან მიმართებით. ვიცით, რა არის ამ ინტერესის მთავარი საგანი და რაში სჭირდებათ ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა კახა კალაძემ.