საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს. 

"მას შემდეგ, რაც ყველა წესის დაცვით იქნა არჩეული პარტიის ახალი თავმჯდომარე და ეს ორივე მხარემ აღიარა, ასევე, ლეგიტიმურად ჩატარდა ახალი პოლიტსაბჭოს არჩევნები, თუმცა, მე მაინც მგონია, რომ ცოტა იჩქარეს და პოლიტსაბჭოს გარეთ აღმოჩნდა ბევრი ძალიან ღირსეული ადამიანი, ნიკა ვაჩეიშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, დავით ბერიტაშვილი, ხათუნა ოჩიაური, ეკა წამალაშვილი, გია ჭანტურია, რუსიკო ცირეკიძე, მაიკო ჯავახიშვილი, გიორგი პატარაია, კობა ხაბაზი, მერაბ ჯანელიძე და კიდევ რამდენიმე ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ქვეყნისთვის საჭირო ადამიანი.

ამავე დროს მე სრულად ვიწონებ და მხარს ვუჭერ პოლიტსაბჭოს დღევანდელ შემადგენლობას. თუმცა, ვფიქრობ, რომ ერთიანობისთვის და ბრძოლაში ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია გვეთხოვა პოლიტსაბჭოს გარეთ აღმოჩენილი შემადგენლობისთვის უკან დაბრუნება და პროცესებში აქტიურად ჩართვა.

მე ჩემი მხრივ მზად ვარ, ვიყო მათი ჩართულობის აქტიური გარანტი და ეს ჩართულობა უნდა გამოიხატოს ახალ ინიციატივებში და პარტიის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობაში.

ჩვენ არ ვიბრძვით საპატიო მეორე ადგილისთვის! ამისთვის არ გამიწირავს ჩემი თავი და ჩემი სიცოცხლე არ დამიდია ფსონად. ჩვენ გვჭირდება გამარჯვება და ამისთვის გვჭირდება ერთიანობა, პირველ რიგში. გელით 23-ში!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.