რეფორმის მთავარი მიზანიც ისაა, რომ პარტია მთლიანად გადავიდეს ჰორიზონტალური მმართველობის სისტემაზე, პარტიის წევრების მაქსიმალური ჩართულობით. ეს არის ის, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე დემოკრატიული პარტია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ახალი რეფორმის თანახმად, სწორედ პარტიის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა კენჭისყრით და ხმათა უმრავლესობით უთხრან და მიუთითონ პარტიას, რა უნდა გააკეთონ.

"ეს არ არის მხოლოდ ერთი პარტიის კონცეფცია, ეს არის ის, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე დემოკრატიული პარტია და როგორ უნდა უპასუხოს 21-ე საუკუნის გამოწვევებს.

იცვლება სამყარო, მოქალაქის მოლოდინები და პოლიტიკა, შესაბამისად, ამ ოლიგარქიული სისტემის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიები იყვნენ უფრო მოქნილები.

რეფორმის მთავარი მიზანიც ისაა, რომ პარტია მთლიანად გადავიდეს ჰორიზონტალური მმართველობის სისტემაზე, პარტიის წევრების მაქსიმალური ჩართულობით.

პარტიის წევრები შემოდიან, როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირები, არა მხოლოდ მოთამაშეები, არამედ შემოდიან, როგორც ინიციატორები და თვითონ არიან ლიდერები. ისინი მონაწილეობენ სპეციალური აპლიკაციით, ელექტრონული სისტემით, რითაც შესაძლებლობა ექნებათ პარტიის წევრებს, რომ უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა გადაწყვეტილებებში. გადაწყვეტილებების სია კი ძალიან დიდია, მასში იგულისხმება აღმასრულებელი რგოლის არჩევა, ხელმძღვანელი პირების არჩევა და არა მხოლოდ, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ სწორედ პარტიის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა კენჭისყრით და ხმათა უმრავლესობით უთხრან და მიუთითონ პარტიას, რა უნდა გააკეთონ", - განაცხადა ანა წითლიძემ.