გვაქვს კონკრეტული მოდელი, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი პარტიის გადაყვანა აბსოლუტურად თანამედროვე რელსებზე, როგორ უნდა იყოს მეტი სახალხოობა, შიდა დემოკრატია, - ამის “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება არა ბიუროკრატიული, არამედ ჰორიზონტალური მმართველობა. 

"გვაქვს კონკრეტული მოდელი, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი პარტიის გადაყვანა აბსოლუტურად თანამედროვე რელსებზე, როგორ უნდა იყოს მეტი სახალხოობა, შიდა დემოკრატია. ამისთვის ჩვენი მთავარი ღერძი გახლავთ ის აპლიკაცია, რომელიც ელექტრონული ფორმით შეიქმნება და ექნება "ნაციონალური მოძრაობის" ყველა წევრს. ჩვენ გვყავს უამრავი მომხრე და ისინი იქნებიან კიდევ უფრო წახალისებული, რომ გახდნენ წევრი. წევრობის შედეგად მათ საშუალება ექნებათ, მიიღონ მონაწილეობა, როგორც ეროვნულ დონეზე, ისე რეგიონალურ დონეზე ხელმძღვანელების არჩევაში, საარჩევნო სიების შედგენაში. მათ ექნებათ გადაწყვეტილებების მიღების საშუალება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება არა ბიუროკრატიული, არამედ ჰორიზონტალური მმართველობა. "ნაციონალური მოძრაობა" იყო პირველი პარტია, რომელმაც დემოკრატიული რეფორმები განახორციელა ამ ქვეყანაში და პირველი პარტიაა მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, რომელმაც მშვიდობიანად გადასცა ძალაუფლებაა და იქნება პირველი პარტია, რომელიც შექმნის თანამედროვე მაღალტექნოლოგიური, ეფექტური და თანასწორი პოლიტიკური ძალის პრეცედენტს. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ დამარცხდეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. რუსული რეჟიმი უნდა დაამარცხოს ევროპულმა ძალამ", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.