"ოცნება" მარტოა დარჩენილი, მას აღარ ჰყავს ის მოკავშირე თუ მეგობარი, რომელზეც ასე აპელირებდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა. 

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" ევროკავშირში დამცველი აღარ ჰყავს.

"ეს ვითომ ულტრამემარჯვენე თანხვედრა ფარსია. "ქართული ოცნების" ეს ვითომ კონსერვატიზმი არის ტყუილი და ეს კარგად იციან ამერიკაშიც და ევროპაშიც, ამიტომაც ვერ მოახერხეს მათ ამ მიმართულებითაც ვერაფერი. რაც შეეხება იმას, თუ რა იცვლება უნგრეთის არჩევნების შემდეგ - არჩევნების შედეგები ნიშნავს იმას, რომ უკიდურესად დასუსტდა ივანიშვილი, მას აღარ ჰყავს ე.წ. მოკავშირე და თანამოაზრე. ვხედავთ, რომ "ქართული ოცნების" ერთადერთი მოკავშირე, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მათთვის და ბევრ სანქციას და კრიტიკულ ნაბიჯებს აცილებდა მათ, აღარ არის ქვეყნის მმართველი, რაც ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" მარტოა დარჩენილი, მას აღარ ჰყავს ის მოკავშირე თუ მეგობარი, რომელზეც ასე აპელირებდა და რომლითაც თავის ამომრჩეველს ატყუებდა, რომ ევროკავშირში მათ მეგობარი და მხარდამჭერი, თანამოაზრე ჰყავთ.

სხვა მხრივ, ჩვენთვის მთავარი ისაა, თუ რას ნიშნავს ორბანის დამარცხება საქართველოსთვის - ეს არის უდიდესი შანსი საერთაშორისო ასპარეზზე ტოტალურად იზოლაციაში მოქცეული და კეთროვანად ქცეული ივანიშვილი, რომელმაც დღეს ევროპაში ბოლო რეალური მოკავშირე დაკარგა, ბოლომდე გავტეხოთ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, ოპოზიციური პარტია "ტისა" საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. 16-წლიანი უწყვეტი მმართველობის შემდეგ ვიქტორ ორბანი თანამდებობიდან გადადგება.