დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები შსს-ს კიდევ ერთხელ მიმართავენ და სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო კარვების გაშლაზე ნებართვას მოითხოვენ.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თუ შეკრების უფლების განხორციელებაში ხელი კიდევ ერთხელ შეეშლებათ, პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავენ.
"შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-8 მუხლის თანახმად მოგმართავთ განცხადებით (გაფრთხილებით), რომ ქალაქ თბილისში 2026 წლის 21 - 25 აპრილს 00:01-დან 23:59-მდე სახელმწიფო კანცელარიის წინ მოედანზე (ინგოროყვას ქუჩა ნ. 8) ჩატარდება შეკრება მანიფესტაცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 50-დან 500-მდე ადამიანი.
კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა მოხდება 112-ის გამოძახებით.
აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნაა დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის მკურნალობის დაფინანსება.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია არის ფატალური დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების გადაგვარებას და ადრეულ ასაკში ადამიანის სიკვდილს. სახელმწიფოს უმოქმედობის გამო საქართველოში ყოველწლიურად იღუპებიან დიუშენით დაავადებული ბავშვები.
აქციის ფარგლებში, მოედნის შიგა პერიმეტრზე, იმ ტერიტორიაზე, რომელიც არ წარმოადგენს ხალხის სამოძრაო ადგილს გავშლით სამ კარავს ზომებით დიამეტრი 2 მ, სიმაღლე 2 მ.
მოგახსენებთ, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები წარმოდგენილი იქნა ჩვენს მიერ 2026 წლის 6 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით გასამართ აქციებთან დაკავშირებით, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი აქციების ჩატარებაზე ფაქტიურად გვეთქვა უარი, რადგან წერილობითი სახით მივიღეთ შემდეგი მითითებები:
“კანონი კრძალავს შეკრებაზე კარვის გამოყენებას, როდესაც სახეზეა კანონით მითითებული გარემოებები. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ შეკრების იმგვარი ფორმით ორგანიზებას, რომელიც შესაბამისობაში იქნება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონთან.
ამავე წერილში მითითებულია რომ შეიზღუდოს შეკრების დრო, კერძოდ “მოგიწოდებთ განიხილოთ 2026 წლის 13 აპრილს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წინ (მის: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქუჩა No8), 00:01 საათიდან 23:59 საათამდე დაგეგმილი შეკრების ხანგრძლივობის შემცირების საკითხი”.
ჩვენ მიგვაჩნია მოცემული მითითებები ან საერთოდ გაუგებარია, ან ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას ასევე მოქმედ კანონმდებლობას, ასევე საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების პრაქტიკას. კერძოდ,
საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის N2/482,483,487,502
გადაწყვეტილებით “შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება მოიცავს შეკრების გამართვის ადგილის, დროის, ფორმისა და შინაარსის არჩევის უფლებას”(პარ. 8).
საკონსტიტუციო სასამართლოს N2/2/180-183 გადაწყვეტილებით:
თავად ფორმულირება „გაფრთხილების არმიღება“ გაფრთხილების ინსტიტუტს ნებართვას უთანაბრებს. გაფრთხილება ზოგადად გულისხმობს ხელისუფლების ინფორმირებას შეკრების ჩატარების თაობაზე მხოლოდ იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელმა უზრუნველყოს ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, ანუ ეს ცალმხრივი ქმედებაა, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ მოიცავს ხელისუფლებისაგან პასუხის მოლოდინის ვალდებულებას. თავისთავად, როდესაც კანონმდებელი ხელისუფლებას აძლევს გაფრთხილების არმიღების შესაძლებლობას, ვარაუდობს, რომ ხელისუფლება პრაქტიკულად უარს ეუბნება კონკრეტულ პირებს ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობაზე, ანუ ნებას არ აძლევს, ჩაატარონ შეკრება ან მანიფესტაცია.
ვინაიდან გაფრთხილების არმიღების ინსტიტუტი თავისთავად კონსტიტუციის საწინააღმდეგოა, ბუნებრივია, არა აქვს მნიშვნელობა, რა საფუძვლით ხდება გაფრთხილების არმიღება. რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებას ასეთი კონსტიტუციური უფლებამოსილება არ გააჩნია.
შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-11 მუხლის მე- 2 ნაწილის ვ პუნქტის თანახმად შეკრების მონაწილეებს ეკრძალებათ: “მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, აფერხებს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალურ ფუნქციონირებას, მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება”;
შესაბამისად, ეს კანონი დროებითი კონსტრუქციის მოწყობის უფლებას იძლევა და მას ზღუდავს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სახეზეა ჩამოთვლილი გარემოებები.
მოგახსენებთ რომ სახელმწიფო კანცელარიის წინ მდებარე მოედანი არ წარმოადგენს არც ტრანსპორტის სამოძრაო ნაწილს და არც ტროტუარს. მოედნის შუაგული დაცილებულია სახელმწიფო კანცელარიიდან დაახლოებით 100 მეტრით, ხოლო სხვა შენობებისგან 100-200 მეტრით. შესაბამისად, მოედანზე დადგმული კარავი
- არ უქმნის საფრთხეს შეკრებისა და მანიფესტაციების მონაწილეებს
- არ უშლის ხელს პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას
- არ აფერხებს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალურ ფუნქციონირებას,
- მისი მოწყობის გარეშე არსებითად ფერხდება შეკრების ჩატარება გამომდინარე იქიდან, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ვაპირებთ უწყვეტი აქციის ჩატარებას და გვჭირდება თავშესაფარი, რათა ღია ცისქვეშ არ აღმოვჩნდეთ.
- კარვების დადგმა უკავშირდება შეკრება მანიფესტაციის ჩატარებას, ვინაიდან ერთი მხრივ ეს არის თავშესაფარი უწყვეტი პროტესტის მონაწილეებისათვის და მეორე მხრივ ის უკავშირდება პროტესტის გამოხატვის ფორმას.
აღსანიშნავია, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების მიმდინარეობისას კარვის განთავსების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, არსებობს საერთო სასამართლოების პრაქტიკა. მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის №3/6098-18 საქმეზე მიღებული 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინებაში სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცული უფლება შესაძლებლობას აძლევს პირს, მისი შეხედულებისამებრ აირჩიოს გამოხატვის ფორმა, საშუალება და ადგილი. ანუ, მას საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გარანტირებული აქვს უფლება საჯაროდ და მშვიდობიანად გამოხატოს საკუთარი აზრი ქუჩის იმ ნაწილში და იმ ფორმით, რომელსაც თავად ჩათვლის მიზანშეწონილად. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ აზრის გამოხატვა არა მხოლოდ საუბრით, განცხადებებით, არამედ, მდუმარე ფორმით ან დროებითი კონსტრუქციების (მათ შორის კარვის) აგებითაც შესაძლებელია, თუ ეს არ ეწინააღმდგება მოქმედ კანონდებლობას“
ასევე, საერთოდ გაუგებარია რა საფუძვლით შეგვეზღუდა უწყვეტი აქციების ჩატარების უფლება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი წერილი მიუთითებს შემდეგს:
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონი ითვალისწინებს სამართლიან ბალანსს, ერთი მხრივ, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებასა და მეორე მხრივ, იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ იმ ადგილებში, სადაც შეკრება ან მანიფესტაცია მიმდინარეობს. შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებამ ხელი არ უნდა შეუშალოს ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს.
ამ წერილიდან გამომდინარე საერთოდ გაუგებარია რასთან მოდის წინააღმდეგობაში სასიკვდილო დაავადების მქონე ბავშვების მშობლების უწყვეტი აქცია. კერძოდ, კერძოდ წერილში ჩამოთვლილია შემდეგი ფაქტორები:
- იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ იმ ადგილებში, სადაც შეკრება ან მანიფესტაცია მიმდინარეობს.
- ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური მუშაობა,
- ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილება,
- ადამიანის სხვა უფლებები და თავისუფლებები.
შესაბამისად, გთხოვთ დაგვიზუსტოთ აქ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან რომელთან მოდის კონფლიქტში სახელმწიფო კანცელარიის წინ სკვერში გასამართი უწყვეტი აქცია.
თუნდაც რომ მოდიოდეს წინააღმდეგობაში რომელიმე ამ ფაქტორთან, მაშინ გაგვირკვიეთ ზემოთ ჩამოთვლილი რომელი ინტერესი გადაწონის სასიკვდილოდ დაავადებული ბავშვების ინტერესს, რომ საზოგადოების და სახელმწიფოს ყურადღებამდე მიიტანონ თავიანთი პრობლემა.
შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ისევ შეგვეშლება ხელი შეკრების უფლების განხორციელებაში, მივმართავთ საქართველოს პროკურატურას და მოვითხოვთ გამოძიების დაწყება სსკ. 161-ე მუხლით", - აღნიშნულია განცხადებაში.
