გაქვთ არჩევანი - 4 პარტია, შეიძლება, არც ერთი არ იყოს თქვენთვის იდეალური, მაგრამ ჯამში, ესენი არიან ჩვენი მომავალი. ეს პარტიები ჩემ წინაშე არიან ვალდებული და პასუხისმგებლები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანამ კოალიციურ მმართველობაზე გადასვლა უნდა ისწავლოს. 

"გადავდივართ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, როცა უნდა ვისწავლოთ, რას ნიშნავს კოალიციური მმართველობა. კოალიციური იქნება თუ ტექნიკური მთავრობა, მთავარია, რომ იქნება კოალიციური მმართველობა. გვყავს ოთხი პროდასავლური პარტია, საზოგადოება მათ მისცემს ხმას და მათ უნდა მოახერხონ, რომ მართონ ქვეყანა. ეს იქნება უდიდესი წინსვლა, წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან დავემშვიდობებით ერთპარტიულ მმართველობას, რომელშიც, პრაქტიკულად, 30 წელზე მეტია, ჩაძირული ვართ.

ამომრჩეველს მინდა ვუთხრა, ჩათვალეთ, გაქვთ არჩევანი - 4 პარტია, შეიძლება, არც ერთი არ იყოს თქვენთვის იდეალური, მაგრამ ჯამში, ესენი არიან ჩვენი მომავალი, ჩვენ მერე ვნახავთ ამის გარდაქმნას, მერე ვნახავთ ახალ პარტიებს, რომლებიც როცა შიში და ერთპარტიულობა მოიხსნება, მაგალითად, ერთპარტიული კონტროლი ცესკოზე, ბევრად უფრო ღია და გაშლილი იქნება საარჩევნო სივრცე. ამიტომ, ნუ გეშინიათ, ხმა მიეცით იმას, რომელიც თქვენი გემოვნებით უფრო უახლოვდება თქვენს მსოფლმხედველობას, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს პარტიები ჩემ წინაშე არიან ვალდებული და პასუხისმგებლები, რომ შეასრულონ ქართული ქარტია, რომელიც არის სამოქმედო გეგმა, რომ ძალიან სწრაფად შევიდეთ ევროკავშირში და მე მათ, ყველას, ამაზე პასუხს მოვთხოვ" , - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.