ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიამ და თანამოაზრე პოლიტიკურმა ჯგუფმა მიიღო საგანგებო რეზოლუცია საქართველოზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ რეზოლუციაში საუბარი “ქართული ოცნების” ნაბიჯებზეა.

“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიამ და თანამოაზრე პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფია, მიიღო საგანგებო რეზოლუცია საქართველოზე. რეზოლუციაში საუბარია ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან გადადგმულ ავტორიტარულ ნაბიჯებზე, რომელიც იმ პოლიტიკურ რეპრესიებს აღწერს, რომელსაც ადგილი აქვს ქვეყანაში. ამავდროულად, მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტის გამოყენებისკენ, მათ შორის იმგვარი კონკრეტული ინსტრუმენტების, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს, მის რეპრესიულ მანქანას ფინანსურად შეზღუდავს და დააწესებს კონკრეტულ შეზღუდვებს იმისთვის, რომ საქართველოში დიქტატურის კონსოლიდაციისთვის კორუფციული ფული აღარ გამოიყენებოდეს“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) და თანამოაზრეთა ჯგუფმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოზე საგანგებო რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის ტექსტში ყურადღება გამახვილებულია არაერთი ევროპული ინსტიტუტის დასკვნასა და ანგარიშზე, რომლებშიც საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზეა საუბარი. რეზოლუცია მოუწოდებს ეუთოს წევრ და სხვა სახელმწიფოებსაც, გამოიძიონ კორუფციისა და ფულის გათეთრების ბოლოდროინდელი გახმაურებული შემთხვევები საქართველოში.